საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სატრანსფერო ტექნოლოგიების რეგიონათაშორისი ასოციაციის წევრი გახდა. ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ტექნოლოგიური ტრანსფერის რეგიონთშორის ასოციაციას შორის (უკრაინა, კიევი) დაიდო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ტექნოლოგიური ტრანსფერის სფეროში ცოდნის მიღებისა და სატრენინგო ტექნოლოგიების დაუფლებას. ხელშეკრულების საფუძველზე, ტექნოლოგიური ტრანსფერის რეგიონალურმა ასოციაციამ ჩაატარა ტრენინგი, რომელიც მოიცავდა ორკვირიან ვებსიმინარს (დისტანციური სემინარი ინტერნეტეტის დახმარებით). შემდგომ ტრენერები ესტუმრნენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტს და 5 დღის განმავლობაში ატარებდნენ სემინარებს. ბოლოს კი სამკვირიანი დისტანციური სემინარი ჩატარდა.
ჩატარებული ტრენინგის საფუძველზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებს ენიჭებათ ტექნოლოგიური ტრანსფერის მიმართულებით ტრენერების სტატუსი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უნივერსიტეტს ინოვაციურ მოღვაწეობაში და გააძლიერებს მის შემოქმედებით პოტენციალს კომერციალიზაციის მიმართულებით. ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ხდება 12 სპეციალისტის გადამზადება, აქედან 10 ფაკულტეტის წარმომადგენელია, ორი კი – ადმინისტრაციის თანამშრომელი.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური სატრანსფერო ცენტრები კიევის პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა და ბაქოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტშიც ფუნქციონირებს. სწორედ ამ ცენტრებიდან მოწვეული ტრენერები – პავლე ციბულოვი, მარინა ივჩენკო, ლესია ლუშენკო და ბაბანლი მუსტაფა ბაბა ოღლი – ატარებდნენ ტექნოლოგიურ ტრანსფერში გადამზადებას.
“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ზოგადად, საქართველოს განვითარებაში სატრანსფერო სერვისის ფუნქციის შეძენა საშუალებას მოგვცემს, სტუ-ისა და ქვეყნის ინტერესების მიხედვით მოვახდინოთ სატრანსფერო ოპერაცია დასავლეთის ქვეყნებთან და პირიქით, რაც ტექნოლოგიური ლიცენზირების საკითხებს მოიცავს”, – აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში ზურაბ გასიტაშვილი.
ზურაბ გასიტაშვილის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომერციალიზაციის დეპარტამენტმა შეიძინა ახალი ფუნქცია, გაერთიანდეს მსოფლიო სატრანსფერო ქსელში. “ამგვარად, ჩვენი ინტერესების მომსახურება მოხდება მსოფლიოს სატრანსპორტო ქსელის შემწეობით, რაც უნივერსიტეტის კომერციალიზაციის შინაარსს აძლიერებს. ამავდროულად, ქვეყნის სატრანსფერო ოპერაციებიდან მიღებულ დაკვეთებში სტუ-ს გაუჩნდება დამატებითი შემოსავალი”, – განაცხადა მან.
როგორც ზურაბ გასიტაშვილი აცხადებს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომზადებული ტრენერები, შესაძლოა, გახდნენ ფირმებისთვის სატრანსფერო დარგში ტრენინგის ჩატარების სპეციალისტები. ამას გარდა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიძლება შეიქმნას ამ მიმართულების სასწავლო პროგრამები.