|
30-11-2010, 14:10
30 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა ტექნოლოგიის ტრანსფერისა და ტექნოლოგიის ლიცენზირების ორდღიანი სამუშაო შეხვედრა თემაზე: “როგორ შევადგინოთ კომერციული კვლევითი ხელშეკრულებები სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების სფეროს კომპანიებსა და საქართველოს აკადემიურ ლაბორატორიებს შორის”.
ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური ფონდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, დამფინანსებელი - ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო და კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა. შეხვედრა გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი და ქართველი და უცხოელი მეცნიერები.
შეხვედრა ორდღიანია. პირველ დღეს დაგეგმილია მონაწილეებისა და ექსპერტების ურთიერთგაცნობა, ინტერაქტიული დისკუსია მონაწილეთა გამოცდილებაზე, პრობლემებსა და მოლოდინებზე. გარდა ამისა, იგეგმება უნივერსიტეტში ტექნოლოგიის ტრანსფერის ჩამოყალიბება. განიხილება საკითხი - როგორ შეესაბამება ტექნოლოგიური ტრანსფერი უნივერსიტეტის მისიას, შეიქმნება ფაკულტეტის საბჭო, განისაზღვრება - როგორ ჩამოყალიბდეს ტექნოლოგიის ტრანსფერის ოფისი, იმსჯელებენ - როგორ უნდა მოხდეს კარგი მმართველობის უზრუნველყოფა. შეხვედრის მონაწილეები 30 ნოემბერსვე მიმოიხილავენ ინტელექტუალურ საკითხებს - პატენტებს, საწარმოო-კომერციულ საიდუმლოებაზე, სასაქონლო ნიშნებსა და სავტორო უფლებებზე. დღის ბოლოს შეხვედრის მონაწილები გაიყოფიან ჯგუფებად და მოეწყობა დისკუსია სასწავლო მაგალითზე: პეპტიდი - უჯრედის ბიოლოგიის ტექნოლოგიის ტრანსფერი და ლიცენზირება.
შეხვედრის მეორე დღეს, 1-ელ დეკემბერს, გაიმართება ინტერაქტიული დისკუსია: ტექნოლოგიის ტრანსფერი და ტექნოლოგიის ლიცენზირება საქართველოსა და სომხეთში. გარდა ამისა, დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთის ტექნოლოგიების წარდგენა ქართველი და სომეხი მეცნიერები ერთმანეთს თავიანთი ტექნოლოგიური კვლევების შედეგებს გაუზიარებენ. ამავე დღეს იგეგმება მოლაპარაკება: ტექნოლოგიის ტრანსფერისა და ლიცენზირების სტრუქტურის შესახებ (მოთხოვნებისა და ძლიერი მხარეების შეფასება, სწორი პარტნიორის პოვნა, ტრანსფერები, ლიცენზიები, გადახდის სტუქტურა). გარდა ამისა, ისაუბრებენ ტექნოლოგიური ტრანსფერისა და აუდიტის საკითხებზე (თემა - ლაბორატორიული ჩანაწერების შენახვა). დღის ბოლოს შეხვედრის მონაწილეები გაიყოფიან ჯგუფებად და მოეწყობა დისკუსია სასწავლო მაგალითზე: სილიციუმი - სამედიცინო დანადგარის ტექნოლოგიის ტრანფერი და ლიცენზირება. |
|