კომპანია ”ჰუავეის” წარმომადგენლებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვედრა გამართეს. შეხვედრას სტუ-ის ადმინისტარციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. “ჰუავეი” სტუ-ს ახალი ტექნოლოგიების, კერძოდ, “Cloud Desktop System”-ის დანერგვას სთავაზობს.
აღნიშნული ტექნოლოგია მოიცავს ინფორმაციის შენახვის ვირტუალურ სისტემას, რომლის პროგრამული უზრუნველყოფა გულისხმობს Cloud-შენახვისა და სარეზერვო ასლის ფაილების სხვადასხვა ვარიანტთან სინქრონიზაციის ოპერაციებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსის, ოთარ ზუმბურიძის განცხადებით, სტუ-ის რექორმა, არჩილ ფრანგიშვილმა, კომპანია “ჰუავეის” წარმომადგენლებს შესთავაზა, ჩამოაყალიბონ კონკრეტული წინადადებები აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით.
ჩინური ტექნოლოგიების გიგანტი კომპანია ”ჰუავეი” საქართველოში წარმოდგენილია 2002 წლიდან. მსოფლიო ბაზარზე კი ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანია 1988 წლიდან მოღვაწეობს. მისი ოფისები 130-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. იმ ქვეყნებში, სადაც ”ჰუავეის” წარმომადგენლობა მუშაობს, კომპანიის თანამშრომელთა 60% ადგილობრივი სპეციალისტია. მსოფლიო სატელეკომუნიკაციო ბაზარზე 2G/3G მობილურ ტექნოლოგიებში კომპანია ”ჰუავეი” მასშტაბური კომპანიების სამეულში შედის, ხოლო ფიქსირებულ, ოპტიკურ-სატრანსმისიო და CDMA/WiMax ტექნოლოგიებში პირველ ადგილზეა.
რაც შეეხება კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებს, ”ჰუავეი” თანამშრომლობს როგორც კომპანია ”სიქლნეტთან”, ასევე ქართულ მობილურ ოპერატორებთან. 2002 წელს ”ჰუავეიმ” ”სიქლნეტში” (ყოფილი ”გაერთიანებული ტელეკომი”) დანერგა ავტომატური სატელეფონო სადგურები. 2007 წელს დაიწყო შემდეგი თაობის მულტიმედიური ქსელის, NGN ტექნოლოგიის, ”სილქნეტში” კი მონაცემთა გადაცემის მინიმალურ სტრანდარტზე დაყრდნობილი, FTTH ტექნოლოგიის დანერგვა. ”2010 წელს ”სიქლნეტთან” დაწყებული პროექტი პირველი ოფიციალური FTTH პროექტია საქართველოში, რომლის გაფართოებაც იგეგმება. პროექტის ფარგლებში თბილისის მასშტაბით მუშაობა დასრულებულია. უნდა ითქვას, რომ ეს არის ყველაზე დიდი პროექტი ფიქსირებული ქსელის ტექნოლოგიიდან, რომელიც ამჟამად განვითარების სტადიაშია. კომპანია ”ჰუავეი” ასევე თანამშრომლობს მობილურ ოპერატორებთან. კომპანია ”ჯეოსელთან” განხორციელებული პროექტი არის HSPA მოდემების დანერგვა, რომელიც მე-3 თაობის განვითარების მომდევნო ნაბიჯია. კომპანია ”მაგთიკომთან” კი ”ჰუავეის”თანამშრომლობის შედეგია ქსელი ”მაგთიფიქსი” CDMA ტექნოლოგიის მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კომპანია "ჰუავეი თექნოლოჯის" ვიცე-პრეზიდენტ რუიქი ლინს შეხვდა.