|
4-01-2010, 00:41
/GHN/ “გაერთიანებული ტელეკომი" უსადენო ქსელის (CDMA) გაფართოებას გეგმავს. იანვრიდან თბილისსა და რეგიონებში ახალი საბაზო სადგურები დამონტაჟდება, რაც 3 თვის განმავლობაში დამატებით 70 000 აბონენტის ჩართვის შესაძლებლობას მისცემს კომპანიას. ამას გარდა, მიმდინარეობს უკვე არსებული სადგურების განახლება (Upgrade), ფართოვდება უკაბელო ქსელის დაფარვის ზონები და უფრო მეტი მომხმარებლის დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი, მათ შორის უკაბელო ტექნოლოგიის მაღალსიჩქარიანი ინტერენტით (EV-DO REV A). “იმის გამო, რომ სახლის უსადენო ტელეფონი თბილისისა და რეგიონების მცხოვრებთათვის ერთნაირად მისაღები აღმოჩნდა და მოთხოვნა ამ პროდუქტზე ძალიან დიდია, გადავწყვიტეთ გავაფართოვოთ ქსელი და უფრო მეტ აბონენტს მივცეთ შესაძლებლობა ისარგებლოს ამ სერვისით", - განაცხადა CDMA პროექტის განვითარების დირექტორმა, გიორგი ჯიბლაძემ. 2009 წლის ნოემბრიდან სახლის უკაბელო ტელეფონზედაც დიფერენცირებული ტარიფები ამოქმედდა, რითაც კომპანია 450 000 აბონენტს ულიმიტო, შეუზღუდავი კავშირის შესაძლებლობას აძლევს. “გაერთიანებული ტელეკომი" ამ ეტაპზე უსადენო ქსელით 51 000 აბონენტს ემსახურება და ისევე, როგორც ფიქსირებულ ქსელში, აქცენტს ხელმისაწვდომ ტარიფებზე აკეთებს. თითოეულ აბონენტს შესაძლებლობა აქვს 3 სხვადასხვა პაკეტიდან აირჩიოს სასურველი. დაწესებულია 50%-იანი შეღავათი პირველი ჯგუფის უსინათლო აბონენტებზე თბილისში. |
|