საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველმა სულხან ზუმბურიძემ გამართა პრეზენტაცია საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის შესახებ. შეხვედრას დაესწრნენ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, საქართველოს საინჟინრო აკადემიისა და ენერგეტიკის აკადემიის წევრები.
როგორც სულხან ზუმბურიძემ განაცხადა, ათწლიანი გეგმის მიზანია, განავითაროს ქვეყნის ეკონომიკურად მდგრადი, საიმედო და ეფექტიანი ელექტროგადამცემი სისტემა, რომელიც ენერგოსისტემის ნებისმიერი ელემენტის დაზიანების მიუხედავად, უზრუნველყოფს ელექტროგადამცემი ქსელის მდგრადობას და მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდებას.
„აღნიშნული გეგმის განხორციელება ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის ხარისხის ამაღლებას, ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის მიმოცვლას და უზრუნველყოფს განახლებადი ენერგიის წყაროების, ქსელში ინტეგრაციისათვის საკმარის გამტარუნარიანობას“, _ განაცხადა მან.
მისი განცხადებით, გეგმა წარმოადგენს ევროპული გაერთიანებული ენერგოსისტემის ENTSO-E განვითარების ათწლიან გეგმასთან ინტეგრირებისთვის მზაობას, რაც ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯს და ქართული ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტის საწინდარს წარმოადგენს.