|
2-07-2011, 02:19
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა კომპანიაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას აგრძელებს. ამ მიზნით შეძენილი იქნა პირველადი მოწყობილობების მზომი ლაბორატორია, მზომი ტრანსფორმატორების ტესტირების თანამედროვე ხელსაწყოები, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების წინაღობის მზომი ხელსაწყოები.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" არის პირველი ენერგოკომპანია საქართველოში, რომელმაც მსგავსი ტიპის ტექნოლოგიები დანერგა თავის ქსელში. ამ ხელსაწყოს საშუალებით განხორციელდება გადამცემი ხაზების წინაღობის გაზომვა და ხაზების ზუსტი პარამეტრების დადგენა, რომლებიც, თავის მხრივ, აისახება ახალ ციფრულ ტექნოლოგიებში და საშუალებას მოგვცემს, დიდი სიზუსტით განვსაზღვროთ ელექტროგადამცემ ხაზებზე მიმდინარე ელექტრული პროცესები და დაზიანების სავარაუდო ადგილები. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეგხ-ზე დაზიანებების ოპერატიულად აღმოფხვრისთვის.
სსე-მ ბოლო წლების განმავლობაში ქვესადგურებში დანერგა ინტერნეტქსელი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სსე-ს ქსელში არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელისა და შიდა კორპორატიული ქსელის საშუალებით, Online-რეჟიმში მივიღოთ ინფორმაცია გადამცემ ხაზებზე მიმდინარე პროცესების შესახებ.
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისა და ენერგეტიკის დარგში მოწინავე ტექნოლოგიების გაცნობის მიზნით, 29-30 ივნისს გერმანული კომპანია "Omicron"-ის სასწავლო ცენტრის სპეციალისტებმა სსე-ს ტექნიკურ პერსონალს ჩაუტარეს კომპანიის მიერ წარმოებული, გადამცემი ხაზების წინაღობის მზომი ხელსაწყოს - CPC 100-ის დამატებითი ბლოკის - CP CU 1-ის გამოყენების ტრენინგი.
"Omicron"-ის სასწავლო ცენტრის სპეციალისტების სწავლების შედეგად, სსე-ს გაზომვების და დიაგნოსტიკის სამსახურის თანამშრომლებმა გაიარეს თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობა. სწავლების დასრულების შემდეგ, "Omicron"-ის სასწავლო ცენტრის სპეციალისტების მიერ შეფასდა ტრენინგებში მონაწილე სსე-ს ტექნიკური პერსონალი და მათ გადაეცათ შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატები.
“კომპანიისთვის მნიშვნელოვანი მოტივაციაა, ჰყავდეს საერთაშორისო კომპანიის მიერ სერთიფიცირებული თანამშრომლები, რომლებიც თავიანთ საქმეს პროფესიულ დონეზე შეასრულებენ", - განაცხადა 1-ელ ივლისს სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, სულხან ზუმბურიძემ. ghn.ge |
|