საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ელექტროენერგეტიკული სექტორის სპეციალისტების მოსამზადებელი თანამედროვე სასწავლო ცენტრი გაიხსნა.
სასწავლო ცენტრი, რომელსაც სამხრეთკავკასიის რეგიონში ანალოგი არ გააჩნია, სს „თელასის" დაფინანსებით დაარსდა. ცენტრი სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტების პრაქტიკულ მომზადებას, სს „თელასისა" და საქართველოში მოქმედი სხვა ენერგოკომპანიების ტექნიკური პერსონალის პროფესიული კვალიფიკაციის დონის ამაღლებას მოემსახურება. სასწავლო ცენტრი აგრეთვე გადაამზადებს სპეციალისტებს სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიას, რომელიც დღეს გაიმართა, დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, საფრანგეთის ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე, “FBC”-ის (French Business Council) პრეზიდენტი ჟილბერ ი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობისა და სტანდარტების სამსახურის უფროსი ოთარ ზუმბურიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე, საქართველოში კომპანია „Schneider Electric"-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი არტურ გრიშინი, “ინტერ რაო ეს”-ის ამიერკავკასიის, თურქეთისა და ახლო აღმოსავლეთის დივიზიონის ხელმძღვანელი ანდრეი ზავრაზნოვი, სს “თელასის” გენერალური დირექტორი იური პიმენოვი, სს “თელასის” ტექნიკური დირექტორი მამუკა ქობალია, სს “თელასის” კომერციული დირექტორი დავით ქართველიშვილი, სს “თელასის” ფინანსური დირექტორი ედვარდ ოგანესიანი, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის სამმართველოს მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე, სტუ-ის აკადემიური საბჭოს წევრები, სტუ-ის დეკანები, სტუ-ის დეპარტამენტებისა და ფაკულტეტების ხელმძღვანელები და სხვა სტუმრები.
ელექტროენერგეტიკული სექტორის სპეციალისტების მოსამზადებელი თანამედროვე სასწავლო ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აღნიშნული ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ცენტრში გადამზადებულ სპეციალისტებს ექნებათ საკმაოდ მაღალი ანაზღაურება, რაც დღევანდელი საბაზრო ეკონომიკის პირობებში მეტად მნიშვნელვანია.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, ელექტროენერგეტიკული სექტორის სპეციალისტების მოსამზადებელ თანამედროვე სასწავლო ცენტრში გადამზადებული სპეციალისტები აუცილებლად დასაქმდებიან, რაც მათ პროფესიულ წინსვლას შეუწყობს ხელს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა მადლობა გადაუხადა პროექტის ხელმღღვანელებს, საფრანგეთის ელჩს საქართველოში ერიკ ფურნიეს, სს “თელასის” გენერალურ დირექტორს იური პიმენოვს.
საქართველოში კომპანია „Schneider Electric"-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა არტურ გრიშინმა ცენტრის მიერ გადამზადებულ ცხრა მასწავლებელს სერტიფიკატები გადასცა.
სასწავლო ცენტრის დაარსების პროექტის ფარგლებში სარემონტო სამუშაო ჩატარდა 200 კვ. მ. ფართობზე, სადაც თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სამი ლაბორატორია განთავსდა. კერძოდ, ცენტრში ფუნქციონირებს დაბალი ძაბვის ელექტრომოწყობილობების ლაბორატორია, საშუალო ძაბვის ელექტრომოწყობილობების ლაბორატორია და სამრეწველო პროცესების მართვის სისტემების კომპონენტების შემსწავლელი ლაბორატორია.
ცენტრის ტექნიკური აღჭურვა ფრანგულმა კომპანია „Schneider Electric"-მა უზრუნველყო. კომპანია მსოფლიოს 100 ქვეყანაში მოღვაწეობს, ხოლო მისი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები 25 ქვეყანაში მოქმედებს. „Schneider Electric"-ის სპეციალისტებმა სასწავლო ცენტრის პროფესორ-მასწავლებლები გადაამზადეს.
ცენტრში მომზადებას, ძირითადად, საქალაქო ელექტროქსელების მომსახურების სპეციალისტები – ბაკალავრები და მაგისტრატები – გადიან. შემუშავებული სასწავლო პროგრამის თანახმად, სწავლების კურსის ხანგრძლივობა 3 თვეა. ერთდროულად სწავლების კურსი შეუძლია გაიაროს 25-მა სპეციალისტმა.
სასწავლო ცენტრში ტარდება მეცადინეობები და სემინარები, სადაც სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას ყველა ტიპის მოწყობილობაზე, რომელიც ელექტროენერგიის განაწილებისთვის და პროცესების ავტომატიზებისთვის გამოიყენება.
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე მომავალი ენერგეტიკოსები საფუძვლიანად გაეცნობიან ქვეყნის ენერგეტიკული დარგის განვითარებისა და რეფორმის მიმდინარეობას, აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ენერგეტიკის ფუნქციონირებისა და განვეთარებასთან დაკავშირებულ კონფერენციებსა და სხვა სახის საქმიან შეხვედრებში.
"კომპანიაში თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური ინოვაციების დანერგვის პირობებში კვალიფიციური კადრები სასიცოცხლოდ აუცილებელია. ყოველთვის დიდ ყურადღებას ვუთმობთ პროფესიული გადამზადების პროგრამებსა და ელექტროენერგეტიკული სექტორის სპეციალისტების საწარმოო პროფილის გაფართოებას. თუკი კომპანიის თანამშრომლებს შრომითი კვალიფიკაციის ასამაღლებლად ადრე საზღვარგარეთ ვგზავნიდით, დღეს ამის საშუალება უკვე ადგილზე გვაქვს. საქართველოსა და მთელი რეგიონისთვის ასეთი ტიპის სასწავლო ცენტრის შექმნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტის განხორციელებას არსებითი დახმარება აღმოუჩინა კომპანია „ინტერ რაო ეეს"-მა, რომელიც თავისი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში მუდმივად აქტიურად თანადგომას უწევს სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროს ", - აღნიშნა სს „თელასის" გენერალურმა დირექტორმა იური პიმენოვმა.
ერთობლივი პროექტის განსახორციელებლად „თელასმა" 300 ათასი ლარი (182 ათასი დოლარი) გამოყო. სამუშაო ცენტრის მოსაწყობად წლევანდელ ზამთარს დაიწყო.
პროექტის უზრუნველყოფა საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტისა და სს „თელასს" შორის 2006 წლის 22 მაისს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება. იგი ენერგეტიკული სექტორის განვითარებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით საქართველოს სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროსთვის მხარდაჭერის აღმოჩენას გულისხმობს.
სასწავლო ცენტრისთვის ფინანსური მხარდაჭერის გარდა, „თელასი" ენერგეტიკული ფაკულტეტის წარჩინებულ 5 სტუდენტს მე-3 წელია, სახელობით სტიპენდიებს უნიშნავს. სწავლის პარალელურად, სტუდენტები „თელასში" სტაჟირებას გადიან. სრულყოფილი კვალიფიკაციის გავლის შემდეგ კი წარჩინებული სტუდენტები კომპანიაში დასაქმდებიან.