|
22-01-2010, 15:36
/GHN/ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად კომპანია “თელასი" უმაღლესის სასწავლებლის ბაზაზე თანამედროვე სასწავლო ცენტრს გახსნის. პროფესიული მომზადების ცენტრი, რომელსაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში ანალოგი არ აქვს, ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტების თეორიულ-პრაქტიკულ მომზადებას, “თელასისა" და საქართველოში მოქმედი სხვა ენერგეტიკული კომპანიების თანამშრომლების პროფესიული კვალიფიკაციის დონის ამაღლებას მოემსახურება. ერთობლივი პროექტის განსახორციელებლად “თელასმა" 300 ათასი ლარი (182 ათასი აშშ დოლარი) გამოყო. საქართველოსა და კავკასიის რეგიონისთვის პროექტის მნიშვნელობის გათვალისწინებით სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის შექმნის პროცესს აქტიურ მხარდაჭერას უწევს კომპანია "ინტერ რაო ეესის" გამგეობის საბჭო და უშუალოდ მისი თავმჯდომარე ბორის კოვალჩუკი. “თელასის" მიერ გამოყოფილი თანხით გარემონტდება შენობა და შეძენილი იქნება შესაბამისი აღჭურვილობა. სასწავლო ლაბორატორიების მომზადების სამუშაო უკვე დაწყებულია და ორ თვეში დასრულდება. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე მომავალი ენერგოტიკოსები საფუძვლიანად გაეცნობიან ქვეყნის ენერგეტიკული დარგის განვითარებისა და რეფორმის მიმდინარეობას. ცენტრის წევრები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ენერგეტიკის ფუნქციონირებასა და განვითარებასთან დაკავშირებულ კონფერენციებსა და სხვა სახის საქმიან შეხვედრებში. პროექტის უზრუნველყოფა საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სს “თელასს” შორის 2006 წლის 22 მაისს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება, რომელიც ენერგეტიკული სექტორის განვითარებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით საქართველოს სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენას გულისხმობს. სასწავლო ცენტრის დაარსების ფინანსური მხარდაჭერის გარდა, "თელასი" ენერგეტიკული ფაკულტეტის წარჩინებულ 5 სტუდენტს მე-3 წელია სახელობით სტიპენდიებს ყოველწლიურად უნიშნავს. სწავლის პარალელურად, სტუდენტები “თელასში" სტაჟირებას გადიან. სრულყოფილი კვალიფიკაციის გავლის შემდეგ კი სტუდენტებს კომპანიაში დასაქმდებიან. სასწავლო ცენტრის ტექნიკურ აღჭურვას ფრანგული კომპანია «Schneider Electric»-ი უზრუნველყოფს, რომელიც ელექტროენერგეტიკული დარგის მართვის კომპლექსური გადაწყვეტილებების სფეროში დიდი გამოცდილება აქვს. ტექნიკურ მოწყობილობათა დანერგვის ანალოგიური პროექტებით «Schneider Electric»-ი მსოფლიოს 100 ქვეყანაში მოღვაწეობს, ხოლო მისი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 25 ქვეყანაში მოქმედებს. |
|