|
17-12-2009, 23:07
/GHN/ ენერგეტიკის დარგში საგანმანათლებლო ცენტრი ჩამოყალიბდება. შესაბამის მემორანდუმს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და ენერგეტიკის სექტორის ოთხ წარმომადგენელს შორის ხელი დღეს მოეწერა. ენერგეტიკის დარგში საგანმანათლებლო ცენტრის ჩამოყალიბების მიზანია, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და ტრენინგებისა და გამოყენებითი კვლევების ჩატარება. საგანმანათლებლო ცენტრის ჩამოყალიბება USAID-ის ფინანსური მხარდაჭეით მოხდება. პროექტის საერთო ბიუჯეტი 5,4 მილიონი აშშ დოლარია. USAID-ის წარმომადგენელთა განცხადებით, უმაღლესი საგანმანათლებლო საგრანტო პროგრამით USAID დახმარებას გაუწევს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამოყალიბებაში, რომლებიც საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ამჟამინდელ და სამომავლო მოთხოვნებს პასუხობენ. "პროექტის მიზანია საქართველოში ენერგეტიკული პოლიტიკის ანალიზის შესაძლებლობებისა და დიალოგის ხელშეწყობა, ასევე უმაღლესი ენერგეტიკული განხრის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამოყალიბება. პროექტის ფარგლებში USAID აფინანსებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს ცენტრის ჩამოყალიბებაში მონაწილე ოთხ უნივერსიტეტში", _ განაცხადა USAID -ის ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის ოფისის დირექტორმა, ჯონ ჰანსენმა. |
|