|
16-09-2010, 14:17
ხვალ, 17 სექტემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო ცენტრი “შნაიდერ ელექტრიკ-თელასი” გაიხსნება.
ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიალს დაესწრებიან ქ. თბილისის მერი გიგი უგულავა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი, საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, საფრანგეთის ელჩი საქრთველოში ერიკ ფურნიე, “FBC”-ის (French Business Council) პრეზიდენტი ჟილბერ ი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრციის ხელმძღვანელი ქეთი ქოქრაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობისა და სტანდარტების სამსახურის უფროსი ოთარ ზუმბურიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე, “ინტერ რაო ეს”-ის ამიერკავკასიის, თურქეთისა და ახლოაღმოსავლეთის დივიზიონის ხელმძღვანელი ანდრეი ზავრაზნოვი, სს “თელასის” გენერალური დირექტორი იური პიმენოვი, სს “თელასის” ტექნიკური დირექტორი მამუკა ქობალია, სს “თელასის” კომერციული დირექტორი დავით ქართველიშვილი, სს “თელასის” ფინანსური დირექტორი ედვარდ ოგანესიანი, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის სამმართველოს მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე, სტუ-ის აკადემიური საბჭოს წევრები, სტუ-ის დეკანები, სტუ-ის დეპარტამენტებისა და ფაკულტეტების ხელმძღვანელები და სხვა სტუმრები.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანმა გია არაბიძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ელექტროენერგეტიკის დარგში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების მოსამზადებლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სს “თელასისა” და ფრანგული ფირმა Schneider Electric-ის ერთობლივი გადაწყვეტილებით და სს “თელასის” დაფინანსებით ჩამოყალიბდა სასწავლო ცენტრი, რომლის ანალოგი თავისი დანიშნულებით, აღჭურვილობითა და კომპლექსურობით ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში არ არის.
ფირმა Schneider Electric-ი მსოფლიოში ელექტროტექნიკური პროფილის ერთ-ერთ უძველეს გიგანტს წარმოადგენს, რომელიც სამრეწველო პროდუქციის გამოშვებას 1836 წლიდან აწარმოებს და მის მიერ წარმოებული აპარატურა უახლესი ტექნოლოგიებით არის დამზადებული.
ევროპის მთელ რიგ უნივერსიტეტებში ელექტროტექნიკური სპეციალობების საგანმანათლებლო ბაზა სწორედ ამ ფირმის მიერ წარმოებული მოწყობილობა-დანადგარებითაა აღჭურვილი.
ცენტრის მიზანია ენერგეტიკული პროფილის სპეციალისტების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. ცენტრი საშუალებას მოგვცემს, გამოვიკვლიოთ ელექტრომომარაგების მაღალი და დაბალი ძაბვის ქსელებში არსებული პრობლემები და დავსახოთ მათი გადაწყვეტის გზები.
“ცენტრის მნიშვნელობის უნიკალობა მდგომარეობს იმაში, რომ მის ბაზაზე შესაძლებელია 150-ზე მეტი ლაბორატორიული სამუშაოს ჩატარება ელექტროსისტემის ნებისმიერი სახის რეჟიმისთვის”, _ განაცხადა არაბიძემ.
მისი განცხადებით, ცენტრის კურსდამთავრებულები დაეუფლებიან მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრებულ, ოცდამეერთე საუკუნის წამყვანი ტექნოლოგიებით დამზადებული დანადგარების მართვასა და ექსპლუატაციას. ამდენად, სასწავლო ცენტრის ბაზაზე მიღებული განათლების დონით ისინი გაუთანაბრდებიან დასავლეთის უმაღლეს სასწავლებლებში მიღებულ საინჟინრო-პროფესიულ განათლებას.
ცენტრის დაარსება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოში მაღალი ხარისხის საინჟინრო საგანმანათლებლო სივრცის შესაქმნელად, ვინაიდან იგი ხელს შეუწყობს რეგიონის მასშტაბით ქვეყნის როლის გაძლიერებას ენერგეტიკის დარგში განათლების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით.
მას აქვს უდავოდ დიდი პოტენციალი, გახდეს ამიერკავკასიის წამყვანი სასწავლებელი ვინაიდან ახლო მომავალში ცენტრის ანალოგის შექმნა რეგიონში არ იგეგმება.
დღეისათვის სასწავლო ცენტრში ტრენინგის გავლის სურვილი გამოთქვა ენერგეტიკის სფეროში დასაქმებულმა მრავალმა სპეციალისტმა, როგორც საქართველოდან, ასევე სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. |
|