|
26-03-2014, 17:49
ხვალ, 27 მარტს, საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტის პროფესორთა ჯგუფი, გია არაბიძის, ბადურ ჭუნაშვილის, თამაზ კუპატაძისა და თენგიზ ჩხიკვაძის შემადგენლობით მიემგზარება ყვარლის მუნიციპალიტეტის სკოლებში, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე არსებული საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის გასაცნობად.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე აცხადებს, ანალოგიური შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.
ენერგეტიკა და ტელეკომუნიკაცია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს და მისი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესების ეფექტურობას განაპირობებს. ყოველივე ეს უცილობლად მოითხოვს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის დარგების წინსწრებული განვითარების აუცილებლობას. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს ეძლევათ შანსი, გახდნენ XXI საუკუნის აღმშენებლობის აქტიური მონაწილეები. ფაკულტეტი აღჭურვილია უახლესი ტექნიკითა და სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებით. სტუ-ს, სს «თელასის», ფრანგული ფირმის Schneider Electric–ის, ავსტრიული ფირმა Herz-ის ერთობლივი ძალისხმევით ჩამოყალიბდა, სასწავლო ლაბორატორიული ცენტრი, სადაც ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ დაეუფლონ უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებული ელექტროტექნიკური მოწყობილობებისა და დანადგარების, განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების მართვას და ექსპლუატაციას. ასევე ისარგებლონ თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკით, ვირტუალური ლაბორატორიებით, სახელმძღვანელოებით მშობლიურ ენაზე და სწავლების კომპიუტერული ტექნოლოგიების ყველა სიკეთით. ფაკულტეტს ემსახურება ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის დარგებში აღიარებული და სათანადო კომპეტენციის აკადემიური პერსონალი, რაც მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო სივრცეს უზრუნველყოფს. ფაკულტეტზე სასწავლო პროცესი მიმდინარეობს პროფესიული, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებით. |
|