საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს სასტიპენდიო ვაუჩერები დაურიგა. სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი მისი ფონდიდან დაფინანსდებიან.
კახა კალაძის ინიციატივით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის 15 წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა ყოველთვიური სტიპენდია 200 ლარის ოდენობით. სტიპენდიას გასცემს საქველმოქმედო ფონდი “კალა”.
სტიპენდია დაენიშნათ შემდეგ სტუდენტებს: ირაკლი ზარქუა, შალვა დავითაშვილი, გურამ მირიანაშვილი, თორნიკე ხარანაული, მიხეილ მარიამიძე, ნიკა მამაგულაშვილი, ერეკლე მიქავა, დავით სუქნიძე, ლევან ჯანიაშვილი, ნიკა ჯომიდავა, სანდრო ბექაური, ვასილ ენუქიძე, რამინ სანაია, გივი შოვნაძე, ნიკოლოზ ელიაშვილი.
ამას გარდა, მინისტრმა ახალგაზრდებს შესთავაზა, მონაწილეობა მიიღონ პოტენციური ჰიდროელექტროსადგურის გამოვლენაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანის, გია არაბიძის განცხადებით, ეს ძალიან საინტერესო პროექტია და მნიშვნელოვანია როგორც სტუდენტთა აქტივობის, ისე ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის განვითარებისთვის.
გია არაბიძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე განისაზღვრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მატერიალური ბაზის განვითარების პერსპექტივები.