საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტზე თბილისის 36-ე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა. როგორც ფაკულტეტის დეკანმა გია არაბიძემ განაცხადა, ასეთი შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დროულია აბიტურიენტთათვის.
“მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა პროფესიის სწორად შერჩევა შეძლონ. ხშირია შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდები ანგარიშმიუცემლად ირჩევენ მომავალ პროფესიას. ასეთი გაუცნობიერებლობა კი იმას იწვევს, რომ ერთი წლის შემდეგ სტუდენტებს სპეციალობის შეცვლა უწევთ და მობილობის პროცესი, მოგეხსენებათ, აქტიურად მიმდინარეობს”, - განაცხადა არაბიძემ.
ფაკულტეტის წარმომადგენლებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა მოსწავლეებს “შნეიდერ ელექტრიკ თელასის” თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო ცენტრი დაათვალიერებინეს და ენერგეტიკის სფეროში არსებული მიღწევები და პერსპექტივები გააცნეს. აღინიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენს ქვეყანაში ტექნიკური დარგების აღორძინების აუცილებლობას. აქედან გამომდინარე, პირველკურსელთა საგრანტო დაფინანსების 70-80 პროცენტი ტექნიკურ დარგის სპეციალობებზე გადანაწილდება.
მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის პროფესორმა თენგიზ ჩხიკვაძემ შექნმა ელექტრონული ტესტირების პროგრამა ზოგად უნარებსა და ფიზიკაში, რომლის დახმარებითაც აბიტურიენტებს შეეძლებათ ცოდნის გაღრმავება და შემოწმება. აღსანიშნავია, რომ ეს სააბიტურიენტო პროგრამა უფასოა. დაინტერესებული ახალგაზრდები თენგიზ ჩხიკვაძეს უნდა დაუკავშირდენენ ელექტრონულ მისამართზე: ch_tengo@yahoo.com
მნიშვნელოვანია, რომ ასეთი შეხვედრები ორი თვის განმავლობაში კვირაში ორჯერ ჩატარდება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები სხვადასხვა საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდებიან.