პოზნანის უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტის დეკანმა გჟეგოჟ რონჩკამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ლევან კლიმიაშვილი, სატყეო დეპარტამენტის სრული პროფესორი გიორგი გაგოშიძე, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანი ოთარ გელაშვილი, სატყეო ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი ზაურ ჩიტიძე, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, პოზნანის უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტის მაგისტრანტი ლევან ჩოფლიანი და სხვები.
შეხვედრის მიზანი იყო სატყეო სფეროში განათლების საკითხების განხილვა, თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების გზების მოძიება.
აღსანიშნავია, რომ პოზნანის უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტის დეკანთან შეხვედრა გუშინ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბიძინა გიორგობიანი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსი რატი ჯაფარიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ოთარ გელაშვილი, სატყეო დეპარტამენტის სრული პროფესორი გიორგი გაგოშიძე, ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და პოზნანის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები.
აღნიშნული შეხვედრები თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების წინა ეტაპი იყო. პოზნანის უნივერსიტეტს, საქართველოს ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის გაფორმება 2014 წლის გაზაფხულზე პოლონეთშია დაგეგმილი.