საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის უფროსკლასელებთან ერთად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გახსნილი ახალი სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია დაათვალიერა. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ჩაეტარებინათ ფიზიკური ცდები უნიკალურ ლაბორატორიაში და გაცნობოდნენ თანამედროვე დანადგარების შესაძლებლობებს.
ფიზიკის განახლებული სასწავლო ლაბორატორია რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გახსნა. ლაბორატორია თანამედროვე კომპიუტერული გამზომი ინსტრუმენტებითა და დანადგარებითაა აღჭურვილი, რაც საშუალებას იძლევა დაახლოებით 80 ლაბორატორიული სამუშაო ჩატარდეს მექანიკის, მოლეკულური ფიზიკის, ელექტროობის, ოპტიკისა და ატომური ფიზიკის მიმართულებით.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ შეძენილი მოწყობილობების ჩამონათვალში შედის ასევე ფუნდამენტური კონსტანტების ლაბორატორია. ლაბორატორია აღიჭურვა მოწყობილობებით, რომელსაც ამზადებს ფირმა PASCO. ესაა მსოფლიოში სახელგანთქმული ამერიკული ფირმა, რომელიც სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორიებისთვის განკუთვნილი თანამედროვე ხელსაწყოებისა და მოწყობილობების დამზადებითაა ცნობილი.
ფირმა PASCO-ს გამზომი მოწყობილობები - ინტერფეისები - გასაზომ ფიზიკურ სიდიდეებს გარდაქმნის ციფრულ სიგნალებად, რომლებიც სპეციალური კონსოლის მეშვეობით მუშავდება, შეინახება, აისახება კონსოლის ეკრანზე, ან, საჭიროების შემთხვევაში, გადაიგზავნება ჩვეულებრივ კომპიუტერში შემდგომი პროგრამული დამუშავებისთვის. ამ გზით, ვღებულობთ ექსპერიმენტის შედეგებს, წარმოდგენილს ნაირსახოვანი ცხრილებისა და გრაფიკების სახით. აღნიშნული საშუალებას იძლევა, დაიგეგმოს და შესრულდეს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაო გამოყენებითი ფიზიკის მრავალ დარგში, როგორც მაგისტრატურის, ასევე დოქტორანტურის დონის სამეცნიერო კვლევების შესრულების უზრუნველყოფისთვის.
მოწყობილობების ფართო ასორტიმენტი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, დააყენონ ან შექმნან ორიგინალური ლაბორატორიული სამუშაოები, რომლებიც ოპტიმალურად იქნება მისადაგებული უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის კონკრეტული სპეციალობის სტუდენტების მაღალ დონეზე მომზადების ამოცანის გადაწყვეტასთან. გარდა ამისა, ლაბორატორიაში დაიდგმება შედარებით მარტივი ლაბორატორული ამოცანები, განკუთვნილი პირველი კურსის პირველ სემესტრში სტუდენტთა იმ კონტინგენტისთვის, რომლებიც გაივლიან საბაზო მომზადებას ფიზიკაში. ეს ლაბორატორული ამოცანები, ფაქტობრივად, სასკოლო დონის ამოცანებია. ასეთი ლაბორატორიის შექმნით უნივერსიტეტს ეძლევა შესაძლებლობა, თანამედროვე კვლევითი ლაბორატორიის ხიბლი სკოლის მოსწავლეებსაც გააცნოს. ამ მიზნით იგეგმება მოსწავლეებისთვის საკვირაო სკოლის გამართვა. აღნიშნული ლაბორატორიის გამოყენება შესაძლებელია საქართველოს საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლების თანამედროვე მოთხოვნების დონეზე კვალიფიკაციის ასამაღლებლადაც.
ლაბორატორიის აღჭურვილობა აგრეთვე შეიცავს ე. წ. ”ნაკრებ ამოცანებს” – ერთი და იმავე ხელსაწყოების ბაზაზე შეიძლება რამდენიმე ამოცანის გამართვა. შეძენილი ლაბორატორული მოწყობილობებით დაკომპლექტებული ექსპერიმენტული ამოცანები საშუალებას იძლევა, შეიქმნას თანამედროვე სასწავლო ლაბორატორია იმ გაგებითაც, რომ ამოცანათა უმრავლესობა კომპიუტერიზებული იყოს სათანადო გადამწოდებით და მათი ინტერფეისების საშუალებით. გარდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა, ასეთი თანამდროვე და კარგად აღჭურვილი სასწავლო ლაბორატორია არა აქვს საქართველოს და, ალბათ, მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის არც ერთ სხვა უნივერსიტეტს.
ლაბორატორიულ მოწყობილობებს თან ახლავს სენსორები სხვადასხვა ფიზიკური სიდიდის გასაზომად. მათი გამოყენება შესაძლებელია არა მარტო სასწავლო მიზნით, არამედ სხვადასხვა სამეცნიერო კვლევის ჩასატარებლადაც. აღნიშნული ლაბორატორიის ბაზაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესურას შესაძლებლობა ეძლევა, სტუდენტებს სწავლების საწყის ეტაპზევე გამოუმუშაონ კვლევითი აზროვნების უნარ-ჩვევები. ლაბორატორიის აღჭურვილობა საშუალებას იძლევა, ჩატარდეს დაახლოებით 80 ლაბორატორიული სამუშაო მექანიკის, მოლეკულური ფიზიკის ელექტროობის, ოპტიკისა და ატომური ფიზიკის მიმართულებით.
სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიაში კვლევით სამუშაოს ტექნიკური მიმართულების ყველა ფაკულტეტის სტუდენტები, მაგისტრანტები და დოქტორანტები აწარმოებენ. ლაბორატორიაში მუშაობის და შედარებით მარტივი ცდებისა და კვლევების ჩატარების საშუალება სკოლის მოსწავლეებსაც აქვთ. ასევე შესაძლებელია აღნიშნული ლაბორატორიის გამოყენება საჯარო სკოლების ფიზიკის მასწავლებელთა თანამედროვე მოთხოვნების დონეზე კვალიფიკაციის ასამაღლებლადაც.
ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარება განათლების რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით სკოლებში მიმდინარეობს ტექნიკური საგნების გაძლიერებულად სწავლება, ხორციელდება სკოლებისა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიებით აღჭურვა.
ბოლო პერიოდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით სტუ-ში არაერთი უნიკალური სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებულ მოსწავლეთა და მათ პედაგოგთა სტუმრობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიებში სისტემატიურ ხასიათს მიიღებს, ამოქმედდება საკვირაო სკოლები, სადაც მოსწავლეებს დარგის სპეციალისტები უმასპინძლებენ.