|
18-03-2014, 13:34
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები პროფესიულ სტაჟირებას ქვეყნის უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტში გაივლიან. სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსში ხელი მოეწერა კომპანია სილქნეტის და “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. დოკუმენტის თანახმად, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის” სტუდენტები პროფესიული სტაჟირების პროცესს ყველაზე მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანიაში გაივლიან.
როგორც სილქნეტში აცხადებენ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობა კომპანიასთან, ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს გაეცნონ და დაეუფლონ სხვადასხვა ტექნოლოგიას, მათთვის საინტერესო სეგმენტში მოსინჯონ ძალები და პრაქტიკული მეცადინეობების შემდგომ სასურველი მიმართულების პროფესია აირჩიონ. კომპანია ტექნიკური უნივერსიტეტის საუკეთესო მოსწრების მქონე სტუდენტებს არჩეული სპეციალობის მიხედვით გაანაწილებს და პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების შესაძენად სათანადო პირობების შეუქმნის. ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, განიხილება უნივერსიტეტის სტუდენტთა კომპანიაში დასაქმების საკითხი.
სატელეკომუნიკაციო კომპანია "სილქნეტს" აქვს ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურა თბილისსა და რეგიონებში. ამასთან, აქვს დანერგილი სხვადასხვა ტექნოლოგიით სატელეფონო, ინტერნეტ-, სატელევიზიო სერვისები და მობილური კავშირი. |
|