|
19-05-2010, 01:34
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაასაქმებს. როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, ამასთან დაკავშირებით 19 მაისს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-სა და კომპანიას შორის მემორანდუმს მოეწერება ხელი.
მემორანდუმს ხელს მოაწერენ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ირაკლი კვაშილავა. მემორანდუმის გაფორმებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი დაესწრება.
მემორანდუმის თანახმად, “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს სამუშაოს შესთავაზებს. ტექნიკური უნივერსიტეტი კი სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მოთხოვნებს მაქსიმალურად გაითვალისწინებს.
ამასთან, “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” პერიოდულად გაგზავნის თავის თანამშრომლებს უმაღლესი სასწავლებლის ტრეინინგებზე, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე, მიზნობრივ მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში.
“წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები ამორტიზებულია და საჭიროებს გადაუდებელ რეაბილიტაციას. ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი და მნიშვნელოვანი ამოცანა მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების პრობლემის გადაჭრაა. ამ ეტაპზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პარალელურად, მიმდინარეობს სათავე ნაგებობებისა და სხვა დამხმარე ობიექტების უახლესი ტიპის ტექნოლოგიით აღჭურვა, რაც შესაბამის ცოდნა-განათლებას მოითხოვს. წყლის სექტორი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი, საჭიროებს ახალი კადრების მოძიებას და მათ სრულ გადამზადებას”, _ აცხადებენ კომპანიაში. ipn |
|