საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-სა და კომპანია “სილქნეტს” შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმად, სტუ-ის სტუდენტები პროფესიული სტაჟირების პროცესს ყველაზე მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანიაში გაივლიან. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და კომპანია “სილქნეტის” კორპორაციული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მირიანაშვილმა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობა კომპანიასთან ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ და დაეუფლონ სხვადასხვა ტექნოლოგიას, მათთვის საინტერესო სეგმენტში მოსინჯონ ძალები და პრაქტიკული მეცადინეობების შემდგომ სასურველი მიმართულების პროფესია აირჩიონ.
კომპანია ტექნიკური უნივერსიტეტის საუკეთესო მოსწრების მქონე სტუდენტებს არჩეული სპეციალობის მიხედვით გაანაწილებს და პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების შესაძენად სათანადო პირობებს შეუქმნის. ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, განიხილება უნივერსიტეტის სტუდენტთა კომპანიაში დასაქმების საკითხი.
“სილქნეტი” მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა. ემსახურება ქვეყნის მასშტაბით 500 ათასზე მეტ აბონენტს. აქვს ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურა თბილისსა და რეგიონებში. სატელეკომუნიკაციო კომპანია “სილქნეტს” სხვადასხვა ტექნოლოგიით სატელეფონო, ინტერნეტ-, სატელევიზიო სერვისები და მობილური კავშირი აქვს დანერგილი.