ივერ ფრანგიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია იხსნება » News.GTU.ge



«    ოქტომბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

ივერ ფრანგიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია იხსნება მეცნიერება
29-10-2010, 16:58
1-4 ნოემბერს საქართველოში აკადემიკოს ივერ ფრანგიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება. კონფერენცია 12:00 საათზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში გაიხსნება.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საერთაშორისო საინჟინრო აკადემია, საქართველოს საინჟინრო აკადემია, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემათა ინსტიტუტი, გრაცის ტექნიკური უნივერსიტეტი (ავსტრია), კიევის ტექნიკური უნივერსიტეტი (უკრაინა), ვილნიუსის ტექნიკური უნივერსიტეტი (ლიტვა), მეცნიერებათა და ხელოვნებათა ევროპული აკადემია (EASA).

კონფერენციის თავმჯდომარეა პროფესორი არჩილ ფრანგიშვილი (საქართველო), თანათავმჯდომარეები - აკადემიკოსები: თამაზ გამყრელიძე (საქართველო), სტანისლავ ვასილიევი (რუსეთი), მიხაილ ზგუროვსკი (უკრაინა).საერთაშორისო პროგრამული კომიტეტის წევრები არიან ცნობილი მეცნიერები: ჰანს ზიუნკელი, ფელიქს უნგერი (ავსტრია), გისბერტ შტოიანი (უნგრეთი), ჰამლეტ მელაძე, ოლეგ ნამიჩეიშვილი, ზურაბ გასიტაშვილი, მინდია სალუქვაძე, გოჩა ჩოგოვაძე (საქართველო), ფრანცისკო კრიადო (ესპანეთი), რომუოლდას ჯინევიჩიუსი (ლიტვა), ბორის გუსევი (რუსეთი), რაიჩო ლაზაროვი (აშშ),ვლადიმერ მაკაროვი, ვლადიმერ მესიურა (უკრაინა),ჰარალდ ვერცი (საფრანგეთი).

კონფერენციის თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს: საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემები და ტექნოლოგიები; მართვის პრობლემები; კომპიუტერული ინჟინერია; ინფორმაციული უსაფრთხოების პრობლემები; სისტემური ანალიზი; ინტელექტუალური მართვა და გადაწყვეტილებათა მიღების სისტემები; მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირება; მდგრადი განვითარების პრობლემები; პარალელური გამოთვლები და მათი გამოყენება მართვაში; მართვის, კონტროლისა და გაზომვათა სისტემები; ახალი ტექნოლოგიები და მათი გამოყენების პერსპექტივები; თეორიული ინფორმატიკა; მეცნიერება და რელიგია.

კონფერენციის სასექციო მოხსენებებია: საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემები და ტექნოლოგიები
მართვის პრობლემები; კომპიუტერული ინჟინერია და ახალი ტექნოლოგიები; ინტელექტუალური მართვა და გადაწყვეტილებათა მიღების სისტემები; მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირება; გამოთვლითი ტექნოლოგიები; სისტემური ანალიზი და მდგრადი განვითარების პრობლემები; მეცნიერება და რელიგია.

კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, რუსული, ინგლისური.

ქართველი მეცნიერი გამოთვლითი ტექნიკისა და ავტომატური მართვის დარგში ივერ ვარლამის ძე ფრანგიშვილი 1930 წლის 6 ივნისს დაიბადა.

ივერ ფრანგიშვილი იყო მართვის სისტემების, ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის დარგის თვალსაჩინო მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1968 წ.), პროფესორი (1969 წ.), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979 წ.), საბჭოთა კავშირის გენერალური კონსტრუქტორი ატომური ელექტროსადგურების ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზებული მართვის სისტემების დარგში (1987 წ.), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1985 წ.), საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი (1992 წ.), საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1992 წ.), მთელი რიგი საერთაშორისო და უცხოური აკადემიების ნამდვილი წევრი.

1952 წელს დაამთავრა თბილისის პილიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ენერგეტიკის ფაკულტეტი. 1952-1960 წლებში მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა სამრეწველო და სამეცნიერო დაწესებულებაში. 1960 წლიდან მოღვაწეობდა მოსკოვში ყოფილი სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ავტომატური და ტელემექანიკის (ამჟამად მართვის პრობლემების) ინსტიტუტში, 1970 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, შემდეგ - ატომური ელექტროსადგურების ავტომატიზებული მართვის სისტემების გენერალური კონსტრუქტორი (1985).

ივერ ფრანგიშვილის სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს სისტემური მიდგომის და ზოგადსისტემური კანონზომიერებების თეორიისა და პრინციპების დამუშავება სხვადასხვა ბუნების რთული სისტემების ფუნქციონირებისთვის; მოძრავი ობიექტების ამოცნობისა და აღმოჩენისათვის ახალი (ფონური) პრინციპების დამუშავება; დიდმასშტაბიანი სისტემების და მაღალი რისკის ობიექტების მართვის თეორიის დამუშავება; ახალი კლასის პარალელური და გარდაქმნადი მრავალპროცესორიანი მმართველი გამოთვლითი სისტემების თეორიული საფუძვლებისა და პრინციპების დამუშავება.

ივერ ფრანგიშვილის კვლევათა შედეგები წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა დარგში რთული სისტემების მართვისთვის. იგი ავტორია 400-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის, მათ შორის 20 მონოგრაფიის, ერთი სამეცნიერო აღმოჩენის და 40 გამოგონებისა; მისი უშუალო სამეცნიერო ხელმძღვანელობით დაცულია 30-ზე მეტი სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაცია.

ფრანგიშვილის ძირითადი შროემბი ეძღვნება გამოთვლითი ტექნიკას, კერძოდ, ერთგვაროვანი ცვალებადი სტრუქტურის მქონე ელექტრონული გამომთვლელი მანქანებისა და კომპლექსების თეორიისა და მეთოდების დამუშავების საკითხებს. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.

ფრანგიშვილი გარდაიცვალა 2006 წელს. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
 
 

ასევე:

  • ივერ ფრანგიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია დღეს დასრულდება
  • ივერ ფრანგიშვილის დაბადებიდან 82 წელი შესრულდა
  • სუ-ში ივერ ფრანგიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია იხსნება
  • მართვის ავტომატიზებული სისტემების თემაზე კონფერენცია ტარდება
  • სტუ-ში სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიხსნა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge