|
6-06-2012, 00:32
დღეს, 6 ივნისს, ცნობილი ქართველი მეცნიერის, ივერ ფრანგიშვილის დაბადებიდან 82 წელი შესრულდა. ცნობილი მეცნიერი გამოთვლითი ტექნიკისა და ავტომატური მართვის დარგში ივერ ფრანგიშვილი 1930 წლის 6 ივნისს დაიბადა. ფრანგიშვილი იყო მართვის სისტემების, ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის დარგის თვალსაჩინო მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1968 წ.), პროფესორი (1969 წ.), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979 წ.), საბჭოთა კავშირის გენერალური კონსტრუქტორი ატომური ელექტროსადგურების ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზებული მართვის სისტემების დარგში (1987 წ.), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1985 წ.), საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი (1992 წ.), საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1992 წ.), მთელი რიგი საერთაშორისო და უცხოური აკადემიების ნამდვილი წევრი.
1952 წელს დაამთავრა თბილისის პილიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ენერგეტიკის ფაკულტეტი. 1952-1960 წლებში მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა სამრეწველო და სამეცნიერო დაწესებულებაში. 1960 წლიდან მოღვაწეობდა მოსკოვში ყოფილი სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ავტომატური და ტელემექანიკის (ამჟამად მართვის პრობლემების) ინსტიტუტში, 1970 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, შემდეგ - ატომური ელექტროსადგურების ავტომატიზებული მართვის სისტემების გენერალური კონსტრუქტორი (1985).
ივერ ფრანგიშვილის სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს სისტემური მიდგომის და ზოგადსისტემური კანონზომიერებების თეორიისა და პრინციპების დამუშავება სხვადასხვა ბუნების რთული სისტემების ფუნქციონირებისთვის; მოძრავი ობიექტების ამოცნობისა და აღმოჩენისათვის ახალი (ფონური) პრინციპების დამუშავება; დიდმასშტაბიანი სისტემების და მაღალი რისკის ობიექტების მართვის თეორიის დამუშავება; ახალი კლასის პარალელური და გარდაქმნადი მრავალპროცესორიანი მმართველი გამოთვლითი სისტემების თეორიული საფუძვლებისა და პრინციპების დამუშავება.
ივერ ფრანგიშვილის კვლევათა შედეგები წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა დარგში რთული სისტემების მართვისთვის. იგი ავტორია 400-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის, მათ შორის 20 მონოგრაფიის, ერთი სამეცნიერო აღმოჩენის და 40 გამოგონებისა; მისი უშუალო სამეცნიერო ხელმძღვანელობით დაცულია 30-ზე მეტი სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაცია.
ფრანგიშვილის ძირითადი შრომები ეძღვნება გამოთვლითი ტექნიკას, კერძოდ, ერთგვაროვანი ცვალებადი სტრუქტურის მქონე ელექტრონული გამომთვლელი მანქანებისა და კომპლექსების თეორიისა და მეთოდების დამუშავების საკითხებს. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.
ფრანგიშვილი გარდაიცვალა 2006 წელს. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. |
|