|
22-09-2011, 23:48
უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგის (Ranking Web of World Universities) მიხედვით, სტუ საქართველოში მე-4 ადგილზეა. 2011 წლის ზაფხულში გამოქვეყნებული ახალი მონაცემების მიხედვით, საქართველოს უნივერსიტეტებს შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიდერობს. მეორე ადგილზეა თსუ, მესამეზე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. ათეულში მოხვდნენ ასევე კავკასიის უნივერსიტეტი, ზურაბ ჟვანიას სახელობის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, თავისუფლი უნივერსიტეტი და საქართველოს სახელმწიფო აგარარული უნივერსიტეტი.
ამ რეიტინგის სიაში გაერთიანებულია მსოფლიოს 12 000 უმაღლესი სასწავლებელი.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომელიც გამოიყენება ამ რეიტინგის დასადგენად - არის ინტერნეტსივრცეში უნივერსიტეტის ხილვადობა (visibility). ხილვადობა იზომება იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ხშირად და ფართოდ გამოიყენება უნივერსიტეტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რამდენად აქტიურად არიან წარმოდგენილი მისი პროფესორები და მკვლევრები ინტერნეტსივრცეში.
უნივერსიტეტისათვის ამ რეიტინგის სათავეში ყოფნა იმას ნიშნავს, რომ ამ უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევები და უნივერსიტეტის მუშაობის შედეგად გავრცელებული ინფორმაცია ყველაზე უფრო მოთხოვნადი და საინტერესოა.
აქ გამოყენებული ვებინდიკატორები არ აფასებს ვიზიტორთა რიცხვს ან ვებგვერდის დიზაინს, არამედ ეფუძნება საერთაშორისო მასშტაბით უნივერსიტეტების მიღწევებსა (მათ შორის მკვლევარების ციტირების რეიტინგს და პუბლიკაციებს) და ხილვადობას.
ეს რეიტინგი ითვალისწინებს გლობალურ ქსელში არსებულ არა მარტო ფორმალურ (ელექტრონული ჟურნალები, საცავები), არამედ არაფორმალურ სამეცნიერო კომუნიკაციას. ვებპუბლიკაცია შედარებით იაფია და ინარჩუნებს მაღალი სტანდარტის/ხარისხის შეფასებით პროცესებს. მას აგრეთვე შეუძლია, მოიცვას უფრო დიდი აუდიტორია, სთავაზობს განვითარებადი ქვეყნების მკვლევრებსა და ინსტიტუტებს წვდომას მეცნიერულ ცოდნაზე. Webometrics-ის რეიტინგული სიის მწარმოებლების განცხადებით, მათ მიერ გაკეთებულ რანჟირებას აქვს დაფარვის უფრო ფართო არეალი, ვიდრე სხვა მსგავს რეიტინგებს. Webometrics-ის რანჟირება არ ეფუძნება მხოლოდ კვლევით შედეგებს, არამედ სხვა ინდიკატორებსაც, რომლებიც, მათი აზრით, უკეთესად ასახავენ კვლევითი ინსტიტუტებისა და მკვლევრების მიღწევებს მსოფლიოს მასშტაბით". |
|