|
6-05-2011, 17:36
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დაასრულა 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტთა ბაზის ფორმირება და აბიტურიენტთა რეგისტრაციის შედეგები ვებგვერდზე (www.naec.ge) გამოაქვეყნა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2011 წელს 35 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. აბიტურიენტების უმეტესობამ პირველ არჩევნად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტები მიუთითა. 7-ვე არჩევნის გათვალისწინებით, განაცხადების ყველაზე მეტი რაოდენობით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ლიდერობს, მეორე ადგილზეა ილიას უნივერსიტეტი, მესამეზე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პირველი არჩევნის მიხედვით ლიდერობენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტები. წელს, პირველად, პირველი არჩევნის მიხედვით ათეულში მოხვდა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტი.
კონკურსი (განაცხადების რაოდენობა 1 ადგილზე) ყველაზე მაღალი აღმოჩნდა თავდაცვის ეროვნულ აკადემიის, სამედიცინო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე. |
|