ეკლესია კრწანისის ომში დაღუპულ გმირებს იხსენებს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ეკლესია კრწანისის ომში დაღუპულ გმირებს იხსენებს კულტურა, სპორტი
24-09-2011, 02:34
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კრწანისის ომში დაღუპულ წმინდანებს იხსენებს. წმინდა მოწამე 300 არაგველისა და კრწანისის ომში საქართველოსთვის შეწირული სასულიერო და საერო პირების ხსენების დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე კრწანისში, 300 არაგველის ძეგლთან მიბრძანდება და სასულიერო პირებთან ერთად, წმინდანთა სახელზე პარაკლსს გადაიხდის.

კრწანისის ველზე ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის ბრძოლა 1795 წელს მოხდა. აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ ერეკლე II-ს მოსთხოვა ქართლ-კახეთის სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა. გეორგიევსკის ტრაქტატის ერთგული ერეკლე II რუსეთის მთავრობას დახმარებას სთხოვდა. სექტემბრის დასაწყისში აღა-მაჰმად-ხანი 35-ათასიანი ჯარით საქართველოსკენ გამოემართა და 8 სექტემბერს სოღანლუღ-იაღლუჯის ჩრდილოეთ კალთებსა და კუმისის ტბას შორის, მდინარე მტკვრის ნაპირზე, ე. წ. სარვანის მინდორზე დაბანაკდა. სპარსელთა ჯარში თავიანთი ლაშქრით იყვნენ განჯის მმართველი ჯავად-ხანი, ყარაბაღელ სომეხთა მელიქები მეჯლუმი და ჰაბოვი, ერევნის ხანი. აღა-მაჰმად-ხანის ამ გამოლაშქრებას ელოდნენ საქართველოში და მრავალრიცხოვანი ჯარის შეგროვებაც შესაძლებელი იყო, მაგრამ რუსეთის დახმარების მომლოდინე ერეკლე II-მ დროული და საჭირო ღონისძიებები ვერ გაატარა და მტერს საკმაოდ მოუმზადებელი დახვდა.

ქართველმა სარდლობამ გადაწყვიტა, გამოეყენებინა მისადგომების რელიეფი და ეიძულებინა მტერი, ებრძოლა ისეთ პირობებში, რომ ვერ მოეხერხებინა ჭარბი ძალების გაშლა და ბრძოლაში ჩაბმა. ამასთან, ქართველებმა მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარეს თავდაცვითი ზღუდეებისა და პოზიციების შესაქმნელად. ქართველთა ლაშქარში 5 ათასამდე მეომარი, აქედან 2 ათასი - იმერეთის სამეფოდან, რომელთაც სოლომონ II მეთაურობდა. ქართველთა სარდლობამ ლაშქარი სეიდაბად-მტკვრის ვიწროებში დააბანაკა. მეწინავე რაზმს იოანე ბატონიშვილი მეთაურობდა, მარჯვნივ ფრთას — დავით ბატონიშვილი (გიორგი XII-ის ძე), მარცხენას — იოანე მუხრანბატონი, ცენტრს და საერთო ფრონტს — ერეკლე II. ცენტს უკან მარქაფში 2 რაზმი იყო, რომელთაც ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილი და ოთარ ამილახვარი სარდლობდნენ. აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ლაშქარი 14 რაზმად დაყო და მოპირდაპირე მხარეს — შავნაბადის, თელეთისა და კრწანისის მიდამოებში — განალაგა. ჯარის ზურგში თუქრმანთა 6-ათასიანი რჩეული რაზმი ჩააყენა, რომელსაც შემტევი ნაწილების უკან დახევის შემთხვევაში ცეცხლი უნდა გაეხსნა. 9 სექტემბერს, დილით, ქართველთა ნაწილების დასაზვერად და ხელსაყრელი პოზიციებიდან გამოსატყუებლად ირანელთა ავანგარდი სოღანლუღიდან ორჯერ გადავიდა იერიშზე. ქართველთა მეწინავე რაზმმა მტერი ორჯერვე ახლოს მიუშვა, შემდეგ კი ერთბაშად ცეცხლითა და მოულოდნელი იერიშით უკუაქცია. 10 სექტემბერს მტრის მეწინავე რაზმმა (3 ათასი კაცი) მძლავრად შეუტია ქართველთა გამაგრებულ ხაზს ტაბახმელასა და შინდისს შორის. ამ ბრძოლებში ქართველებმა გაიმარჯვეს.

გადმოცემით, პირველი ბრძოლით დაშინებული აღა-მაჰმად-ხანი უკან გაბრუნებას აპირებდა, მაგრამ ღამით ციხიდან მოღალატეთა ხელშეწყობით გაპარულმა სპარსელთა ჯაშუშმა დაარწმუნა შაჰი ქართველთა სისუსტეში. 11 სექტემბერს, დილის 7 საათზე, ირანელთა ლაშქარი მტკვარ-შავნაბადის ვიწროებით თბილისისკენ დაიძრა და საათ-ნახევრის შემდეგ ქართველთა საბრძოლო დაცვის პირველ პოზიციას შეუტია. 5 ათასი კაცი თბილისისთვის ზურგიდან მოსავლელად თელეთის მიმართულებით გაგზავნეს. ქართველთა ლაშქარმა ეს შეტევა მოიგერია, მაგრამ მტრის გაძლიერებული ცეცხლის შემდეგ იძულებული გახდა, თავდაცვის მეორე პოზიციაზე გადასულიყო. ამ პოზიციის გადასალახავად სპარსელებმა ერთ საათში რამდენიმე ასეული მებრძოლი დაკარგეს, მაგრამ მათ ბრძოლაში ახალ-ახალი ძალები შეჰყავდათ. ერეკლე II-მ მეწინავეებს ვახტანგ ბატონიშვილისა და სხვა რაზმებიდან ამორჩეული ქიზიყელთა, არაგველთა და თუშ-ფშავ-ხევსურთა ძალები მიაშველა ( ეს სწორედ ის სამასი არაგველი იყო, რომელიც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდა დ გმირულად დაეცა). მათვე შეუერთდა ქალაქ თბილისის მოსახლეობის რაზმი, რომელსაც სასახლის მსახიობთა დასის მეთაური მაჩაბელა ედგა სათავეში. მტერი თელეთის მხრიდან შავნაბადის ქედზე გადმოვიდა და მოულოდნელად შეუტია ქართველთა მარჯვენა ფრთას, მაგრამ დავით ბატონიშვილის რაზმმა არტილერიის ცეცხლით უკუაქცია იგი. აღა-მაჰმად-ხანმა ადიდებული მტკვარი გადალახა და იქიდან დაათვალიერა ქართველთა პოზიციები. ქართველთა სარდლობამ მტრის ეს მანევრა ზურგიდან შემოვლის საშიშროებად მიიჩნია, ჯარმა უკან დაიხია და მეორე მხრიდან მესამე თავდაცვითს სანგარში მყოფ ჯარებს შეუერთდა. მოღალატეთა დახმარებით შაჰი მოხერხებული ფონით უკანვე გადავიდა მტკვარზე და ზურგში მოექცა იოანე ბატონიშვილის მეწინავე რაზმს, რომელმაც ვახტანგ ბატონიშვილის დახმარებით გაარღვია ალყა და ძირითად ნაწილებს შეუერთდა. ირანელთა მეწინავე ნაწილები სეიდაბადის ბაღებში შეიჭრნენ, მაგრამ ქართველთა ჯარი კლდეებიდან კონტრშეტევებით იგერიებდა მტერს.

იმ მომენტში, როცა მოწინააღმდეგეებს ერთმანეთისგან ერთი პატარა ხევი და ბაღნარები ყოფდათ, სეიდაბადის სამხრეთი კალთებიდან შეტევაზე გადავიდა ვახტანგ ბატონიშვილის 2-ათასიანი რაზმი, რომლის ამოცანა იყო სპარსელთა ჯარის შუაზე გაკვეთა. მტერმა მთავარი ძალები ამ რაზმის უკუგდებაზე დააბანდა. ამ დროს ერეკლე II-მ კონტრშეტევაზე გადასვლა ბრძანა, მაგრამ მძიმე ბრძოლებში ქართველთა ისედაც მცირე ძალები თანდათან ამოიწურა და ნელ-ნელა დახევა დაიწყეს. ქართველთა ჯარი პირველ პოზიციას დაუბრუნდა და იქ სცადა გამაგრება. ამავე დროს, კრწანისის მაღლობიდან მტერმა ქართველთა ლაშქარს ზარბაზნების ცეცხლი დაუშინა. უეცარი იერიში მიიტანეს დავით ბატონიშვილის რაზმზე. ქართველებისთვის ზურგიდან შემოსაცლელად და უკანდასახევი გზის მოსაჭრელად რამდენიმე ასეულისგან შემდგარი ცხენოსანი რაზმი შინდისის მიმართულებით გაგზავნა. მტრის ეს მანევრი ქართველთა სარდლობამ შენიშნა და იმერელთა ათასეულის მეთაურისა და არტილერიის უფროსის, გურამიშვილის გასაფრთხილებლად შიკრიკი გაგზავნა, მაგრამ იგი გზაში მოკლეს.

ერთი საათის ბრძოლის შემდეგ ქართველთა ლაშქარი მესამე სანგრიდან მეოთხეში გადავიდა, აქაც ერთ საათს იბრძოდა და შემდეგ უკან დახევა დაიწყო. დღის მეორე ნახევარში აღა-მაჰმად-ხანმა მთელი რეზერვები ბრძოლაში ჩააბა და ქართველებს დევნა დაუწყო. ქართველთა მეზარბაზნეებმა მოახერხეს მტრის შეტევის დროებით შეკავება. ერეკლე II-მ და მისმა 150-მდე მხედარმა თბილისზე გავლით საგურამოსკენ გასწია და ბოლოს თავი მთიულეთს შეაფარა. მცირე ხნის შემდეგ მტერი ქალაქში შევიდა. მოსახლეობამ მას ქუჩაში გაუმართა ბრძოლა. სპარსელებმა თბილისი ჯერ გაძარცვეს, შემდეგ დაარბიეს და ცეცხლს მისცეს, მრავალი ათასი მცხოვრები ტყვედ წაიყვანეს. მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილისა და გადამდები სნეულებისაგან დაიღუპა. ქართლის სოფლებს მოთარეშეთა რაზმები შეესივნენ. კრწანისის ბრძოლამ დიდი ზარალი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს.

1795 წლის 11 სექტემბერს კრწანისის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მებრძოლთა შორის გამოირჩეოდნენ არაგველები. მათი რაზმი შედგებოდა სამასი ფშავ-ხევსურის და არაგვისპირელი გლეხისგან. ესენი იყვნენ მლეთელნი, გუდამაყრელნი, ხანდოსხეველნი, ჭართლელნი... გადმოცემით, არაგველებმა ბრძოლის წინ შეჰფიცეს ერთმანეთს, რომ ან გაიმარჯვებდნენ, ან ბრძოლის ველზე დაეცემოდნენ, რაც შეასრულეს კიდეც. 300 არაგველის მამაცური თავდადება ფართოდ აისახა ხალხურ სიტყვიერებაში.

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2008 წლის 27 ივნისის სხდომამ განაჩინა: "1795 წ. კრწანისის ომში მომწყდარნი 300 არაგველნი და სასულიერო და საერო პირნი შერაცხილ იქნან წმიდა მოწამეებად. დაიწეროს მათი ხატი, ტროპარ-კონდაკი, ცხოვრება და საგალობლები. მათი ხსენების დღედ დაწესდეს 11 (24) სექტემბერი. ეთხოვოს ქალაქ თბილისის მერიას, საპატრიარქოსთან შეთანხმებით, იზრუნოს კრწანისის ველის, როგორც თავდადების ადგილის, სათანადო მოწყობაზე".
 
 

ასევე:

  • დღეს 9 ძმა ხერხეულიძისა და მარაბდის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსენების დღეა
  • 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლიდან 889 წელი შესრულდა
  • დღეს სახალხო დღესასწაული დიდგორობა გაიმართება
  • დღეს დიდგორობის დღესასწაული აღინიშნება
  • დღეს ნინოობაა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge