დღეს დიდგორობის დღესასწაული აღინიშნება » News.GTU.ge



«    მაისი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

დღეს დიდგორობის დღესასწაული აღინიშნება ---
12-08-2012, 11:18
დღეს, 12 აგვისტოს, დიდგორის ბრძოლიდან 891 წელი შესრულდა. 1121 წლის 12 აგვისტოს ქართულმა ჯარმა, დავით აღმაშენებლის მეთაურობით, დიდგორის ველზე, მანგლისის მახლობლად, თბილისის მისადგომებთან, თურქ-სელჩუკთა კოალიციურ ლაშქარს სძლია.

დიდგორში, ტრადიციულად, დიდგორობა აღინიშნება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, პარტია გეგმავს ეს უდიდესი ისტორიული გამარჯვების თარიღი დიდგორის ველზე აღნიშნოს. "ჩვენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ვგეგმავთ, ეს უდიდესი ისტორიული გამარჯვების თარიღი ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად აღვნიშნოთ დიდგორის ველზე. დაგეგმილია ღონისძიებაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მონაწილეობა",- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

XI-XII საუკუნეების მიჯნაზე ქართველთა წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის მიერ გატარებულმა გაბედულმა პოლიტიკამ თანდათან თურქ-სელჩუკებისაგან გამოიხსნა დარბეული, გაპარტახებული ქვეყანა: 1092 წელს დავით IV-მ ხარკი შეუწყვიტა სულთანს, შემდეგ შეუდგა ქართული მიწა-წყლის სრული გაერთიანებისთვის ბრძოლას, აიღო ზედაზენი, შემოიერთა კახეთ-ჰერეთი, სამშვილდე, გიში, რუსთავი, ლორე. დამპყრობელთა ხელში თბილისი და დმანისი რჩებოდა.

ჩრდილოეთში, საქართველოს სახით, ახალი სამხედრო და პოლიტიკური ძალის აღზევება, მაშინ როდესაც დასავლეთით ახლად შექმნილ ჯვაროსნულ სახელმწიფოებთან განუწყვეტელი ომი მიმდინარეობდა, მეტად სახიფათო იყო თურქ-სელჩუკებისთვის. ამ დროს მცირე აზიაში ძალთა მყიფე თანაფარდობა სუფევდა, რადგან არც მუსლიმანებს, არც ჯვაროსნებს შორის ერთობა, ერთიანი ხელმძღვანელობა არ არსებობდა. მაგრამ როდესაც სელჩუკთა და არაბთა სხვადასხვა სახელმწიფოს შორის გაერთიანება შედგა, პირველი დარტყმა საქართველოს წინააღმდეგ მიიმართა. სულთან მაჰმუდ II-სა და მის მოკავშირეებს სურდათ, სწრაფი იერიშით გაენადგურებინათ დავით IV, რათა ჩრდილოეთიდან დაცულებს შეერთებული ძალები ჯვაროსნების წინააღმდეგ მიემართათ. სელჩუკებს ართუკიდი ნაჯმ ად-დინ ილღაზი სარდლობდა, რომელსაც დიდი სახელი ჰქონდა მოპოვებული ჯვაროსნებთან ბრძოლებში.

მაჰმადიანთა ლაშქრის რაოდენობა, სხვადასხვა ცნობების მიხედვით, მერყეობს 250-300 ათასიდან (სომხური და თურქული წყაროების თანახმად) 500-600 ათასამდე (არაბული, სპარსული ქართული და ევროპული წყაროების თანახმად).

მოკავშირეთა დარტყმა სწრაფი, გადამწყვეტი, თავზარდამცემი უნდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ შეკრიბეს საუკეთესო ცხენოსანი მეომრები ეგვიპტედან კავკასიამდე. თურქული კავალერია იმ დროის განთქმული სამხედრო ძალა იყო.

დავით IV-ის განკარგულებაში 56 ათასი მეომარი იყო. ამათგან 40 ათასი ქართველი, 15 ათასი ყივჩაყი, 500 ოსი და 100 ”ფრანგია” (ევროპელი).

როგორც ჩანს, ბრძოლა ქართველთა მიერ დაგეგმილ ადგილას მოხდა, ვინაიდან სამეფო ლაშქრის პოზიციები წინასწარ იყო გამაგრებული. ლაშქრის ძირითად ნაწილს, რომელსაც პირველი ბრძოლა უნდა მიეღო, დავითი სარდლობდა, დანარჩენი ნაწილი დავითის ვაჟის, დემეტრეს სარდლობით, მთას იყო ამოფარებული და იქიდან მოულოდნელად უნდა დაერტყა მტრისთვის. ბრძოლის დაწყების წინ ქართველთა მხრიდან 200 მხედარი მტრის ბანაკისკენ გაემართა; მაჰმადიანებს ისინი მოღალატენი ეგონათ და ბანაკში შეუშვეს, სადაც ქართველებმა მოულოდნელი იერიში მიიტანეს მტერზე. კოალიციური ლაშქრის საბრძოლო წყობა დაირღვა.

ამ დროს ქართველთა ლაშქარმა მტერს ორი მხრიდან შეუტია - დასავლეთიდან დავითი გადავიდა შეტევაზე, ხოლო დიდგორის მთიდან - დემეტრე. ქართველი რაინდები და მათი თანამებრძოლები წინა აზიის საუკეთესო მხედრობას შეებნენ.

სისხლისმღვრელი შეტაკება სამ საათს გაგრძელდა. ილღაზის ლაშქარი სასტიკად დამარცხდა და უკუიქცა. ამით ბრძოლა არ დასრულებულა. დამარცხებულებს თბილისისა თუ დმანისისთვის თავის შეფარებისა და ძალების აღდგენის საშუალება არ მისცეს. დევნა 8 დღეს გაგრძელდა.

საქართველოში ლაშქრობამ მაჰმადიანთა მხედრობის 90% შეიწირა. დაჭრილმა ილღაზიმ, რამდენიმე სარდალსა და ოციოდე მხედართან ერთად, გაქცევა მოახერხა.

დიდგორის ბრძოლას უდიდესი პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა: ერთის მხრივ მაჰმადიანთა მძლავრი კოალიცია დაირღვა, მისი ლაშქარი კი პირწმინდად განადგურდა. მეორე მხრივ, გაოცებულ თანამედროვეებს საქართველო წარუდგა, როგორც რეგიონის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო.

მემატიანემ ამ გამარჯვებას "ძლევაი საკვირველი" უწოდა. ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება (1122 წელს თბილისი, 1123 წელს კი დმანისი სამეფოს შეუერთდა) და დასაბამი მისცა "ოქროს ხანას" საქართველოს ისტორიაში.

ნიშანდობლივია, რომ კიდევ ასი წლის განმავლობაში საქართველოს არც ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა არ წაუგია.
 
 

ასევე:

  • 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლიდან 889 წელი შესრულდა
  • დღეს სახალხო დღესასწაული დიდგორობა გაიმართება
  • 8 თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა
  • დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა
  • ეკლესია კრწანისის ომში დაღუპულ გმირებს იხსენებს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge