დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა კულტურა, სპორტი
8-02-2012, 02:16
8 თებერვალს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დავიდ აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დავით IV აღმაშენებელი 1125 24 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს) გარდაიცვალა.

დავითი იყო საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში, გიორგი II-ის ძე, ბაგრატიონთა დინასტიიდან _ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მონარქი, მოახერხა თურქ-სელჩუკთა ქვეყნიდან განდევნდა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით. არმიასა და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა, ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწები საქართველოს დაქვემდებარებაში შემოეყვანა. ქრისტიანული კულტურის წამხალისებელი და თავად თავდადებული ქრისტიანი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხული.

დავითი, გიორგი II-ისა და ელენეს ერთადერთი ვაჟი, დაიბადა 1073 წელს სატახტო ქალაქ ქუთაისში. მისი უფლისწულობა მოკლე აღმოჩნდა, რადგან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, მამამისი იძულებული შეიქმნა ტახტიდან გადამდგარიყო და 16 წლის ძე გაემეფებინა. ეს ფაქტი დავითის კარგ განათლებასა და სახელმწიფო საქმეში გათვიცნობიერებულობაზე უნდა მეტყველებდეს.
დავით IV-ს მემკვიდრეობად ერგო თურქ-სელჩუკებისგან დარბეული ქვეყანა, დაცარიელებული ქალაქები და სოფლები, მთებში გახიზნული დამშეული მოსახლეობა. გამეფებისთანავე დაიწყო ყმა-მოლაშქრეთა და მსახურეულ აზნაურთაგან მხედართა რაზმების შექმნა. ერთგული რაზმებით მეფე თავს ესხმოდა თურქ-სელჩუკებს, ავიწროვებდა მათ, სდევნიდა და მთაში გახიზნულ მოსახლეობას ბარად ჩამოსვლის პირობებს უქმნიდა.

დავით IV ებრძოდა სახელმწიფოს ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვაროვან ფეოდალებს. 1093 წელს მან გამდგარი ლიპარიტ IV ბაღვაში შეიპყრო. მონანიების შემდეგ გაათავისუფლა და ძველი ღირსებებიც დაუტოვა, მაგრამ ხელახალი ღალატის გამო, 1094 წელს კვლავ შეიპყრო და ორი წლის პატიმრობის შემდეგ საქართველოდან გააძევა. 1103 წელს, ლიპარტის ძის რატის გარდაცვალების შემდეგ, დავით IV-მ გააუქმა კლდეკარის საერისთავო და ბაღვაშთა მამულები სამეფო დომენად გახადა, შემდგომში ნაწილი (არგვეთი) გელათის მონასტერს გადასცა. ამავე წელს დაამარცხა სამეფო კარის მოწინააღმდეგე ფეოდალები ― ძაგან და მოდისტოს აბულეთისძეები.

საერო დიდგვარიანებთან ერთად მეფე ცენტრალური ხელისუფლების მოწინააღმდეგე საეკლესიო ფეოდალებსაც ებრძოდა. 1103 წელს მეფის თაოსნობით მოიწვიეს რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელმაც სამეფო ხელისუფლების განმტკიცების ღონისძიებები გაატარა (უღირსი თანამდებობის პირების გადაყენება და მათ ნაცვლად მეფის ერთგულთა არჩევა, სასულიერო თანამდებობის პირთა ხელდასხმის წესის დამტკიცება, გვირგვინის კურთხევის წესის დაკანონება და სხვ.). ეს ღონისძიებანი ჩამოყალიბებულია კრების მიერ მიღებულ დოკუმენთში "ძეგლისწერაჲ რუის-ურბნისის კრებისაჲ". სახელმწიფოს ძლიერების განმტკიცების საქმეში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჭყონდიდლისა და მწიგნობართუხუცესის თანამდებობების გაერთიანებას მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის თანამდებობის შექმნას (სავარაუდებელია 1103-04 წლებში). ამ თანამდებობის პირი ერთსა და იმავე დროს მაღალი სამოქალაქო და საეკლესიო მმართველი იყო.

დავით IV-მ მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა სამონეტო საქმის მოსაწესრიგებლად. მოჭრა მონეტები როგორც ქართული, ისე არაბული ზედწერილით და რამდენადმე შეცვალა მონეტის ტიპი. რეფორმის შედეგად განმტკიცდა ფულის კურსი. მის დროს დიდი მნიშვნელობა მიენიჭა განსაკუთრებულ სასამართლო დაწესებულებას _ სააჯო კარს.

ფეოდალური ლაშქრის პრინციპზე აგებული ჯარი შინაგან ერთობას მოკლებული იყო. მტრის საბოლოო დაძლევისთვის საჭირო იყო ქვეყნის შეიარაღებულ ძალთა გარდაქმნა. დავით IV-მ ჩაატარა სამხედრო რეფორმები: ჯარი საგანგებოდ გაწვრთნა და იქ მტკიცე დისციპლინა დაამყარა, გარდაქმნა ბრძოლის ტაქტიკა. ამასთან, 1118-20 წლებში ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოიყვანა და საქართველოში (სავარაუდოდ, ქართლში) დაასახლა ყივჩაღთა 40 ათასი ოჯახი. მათგან მეფემ შექმნა მუდმივი ჯარი _ ორმოციათასიანი ლაშქარი, ერთგულ მოლაშქრეთაგან კი შეადგინა ხუთიათასიანი პირადი გვარდია _ "მონა-სპა".

1099 წელს დავით IV-მ თურქ-სელჩუკებს ხარკი შეუწყვიტა. ქვეყანამ სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამ დროიდან დაიწყო საქართველოს ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა. თურქ-სელჩუკთა ბატონობის ალაგმვის შემდეგ დავით IV შეუდგა ქართული მიწა-წყლის სრული გაერთიანებისთვის ბრძოლას. 1103 წელს აიღო ზედაზენი. 1104 წელს საქართველოს გაერთიანების მომხრე ჰერეთ-კახეთის დიდებულების (ქავთარისა და მისი დისწულების ― არიშიანისა და ბარამის) დახმარებით შემოიერთა ჰერეთი და კახეთი.

მოხარკე ქვეყნების დაკარგვა მძიმე დანაკლისი იყო თურქ-სელჩუკთათვის და სულთნის დიდმოხელემ, განძის ათაბაგმა, ლაშქრობა მოაწყო საქართველოს მეფის ჰერეთ-კახეთიდან განსადევნად. 1104 წელს ერწუხთან ბრძოლაში საქართველოს მხედრობამ გაიმარჯვა. განსაკუთრებული ვაჟკაცობა გამოუჩენია ომში დავით IV-ს.

1110 ქართველთა ლაშქარმა სამშვილდე აიღო, 1115 წელს _ რუსთავი, 1117 წელს _ გიში, 1118 წელს _ ლორე. 1121 წლის აგვისტოში დავით IV-ის მეთაურობით ქართველებმა ძლევამოსილი ომი გადაიხადეს მუსლიმანთა კოალიციური ლაშქრის წიააღმდეგ. ბრძოლა დიდგორთან მოხდა. ქართველებმა გაიმარჯვეს დავითის მოხერხებული ტაქტიკის წყალობით. დავითს ამ ომში მოუხდა, თავისი 55-ათასიანი ლაშქრით შეჰბმოდა თურქ-სელჩუკთა 300-ათასიან არმიას. მეფემ იმისათვის, რომ არ გაქცეულიყვნენ ბრძოლის ველიდან მეომრები, უკან წასასვლელი გზა ჩახერგა. გადაწმყვეტი ბრძოლის წინ მან შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: "ეჰე, მეომარნო ქრისტიანნო. თუ ქვეყნისა და ღვთის რჯულის დასაცავად ვიბრძოლებთ, არათუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა ლაშქარს, არამედ თვით ეშმაკებსაც დავამარცხებთ. მაშ, ვილოცოთ სამშობლოსა და ქრისტესათვის და ფიცი დავდოთ, რომ აქ, ბრძოლის ველზე უფრო დავიხოცებით, ვიდრე შერცხვენილნი გავიქცევით. ახლა კი ამ ხეობის შესავალი, რომლითაც აქ შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკრათ, ვინძლო ვისმეს გულში ჩარჩენილი გაქცევის სურვილი ამით ამოიქოლოს. მაშ, გაემზადეთ ძმანნო და შვილნო, ქრისტესათვის და სამშობლოსათვის." ისტორიკოსებმა ამ შეტაკებას მუსლიმ ურიცხვ არმიასა და ქართველთა მცირერიცხოვან ლაშქარს შორის "ბრძოლაი საკვირველი" შეარქვეს. ამ ომში გამარჯვებით მათ დაიცვეს სამშობლო სრული განადგურებისგან. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, 1122 წელს, დავით IV-მ თბილისი გაათავისუფლა.

დავით IV-ის ბრძოლებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა შირვანისთვისაც. ქართველებისა და შირვანელების ერთობლივი ბრძოლის შედეგად შირვანი გათავისუფლდა სელჩუკი დამპყრობლებისგან. 1124 წელს დავით IV-მ შირვანი თავის გავლენას დაუმორჩილა. 1123 წელს დავით IV-მ სომხეთის მრავალი ქალაქი აიღო. ამავე წელს სომეხი მოსახლეობის დახმარებით აიღო ანისიც. ამ ომში გამარჯვებით მათ დაიცვეს სამშობლო სრული განადგურებისგან.

დავით IV დიდად უწყობდა ხელს ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარებას. მან შეღავათიანი პირობები შეუქმნა ვაჭრებს, ააგო ხიდები, გზები, ააშენა ფუნდუკები, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ვაჭრებს უფასოდ შეეძლოთ ღამისთევა. ამის შედეგად, XII საუკუნის I მეოთხედში საქართველოში საქალაქო ცხოვრება განსაკუთრებით დაწინაურდა.

დავით IV-ის სახელთანაა დაკავშირებული გელათის ტაძრის მშენებლობა (დაუწყიათ 1106 წელს). მანვე დააარსა ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა _ გელათის აკადემია. დავით IV-ის განკარგულებით ააგეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია შიომღვიმეში.

დავით IV-ის კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობის შესახებ, ქართველი ისტორიკოსების გარდა, მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან სომეხი მემატიანეები და მაჰმადიანი მწერლები. ისინი გვამცნობენ, რომ მეფეს ბიზანტიაში გაუგზავნია ახალგაზრდები ცოდნის მისაღებად; ცალკე სახლი აუგია მაჰმადიან მეცნიერთა, ფილოსოფოსთა და პოეტთათვის. თურმე, ნივთიერადაც ეხმარებოდა მათ, ხანგამოშვებით კი საზეიმო დარბაზობასაც უმართავდა.

დავით IV-მ თავისი წვლილი შეიტანა ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებაშიც. მას ეკუთვნის ორიგინალური პოეტური ნაწარმოები "გალობანი სინანულისანი", რომელიც შუა საუკუნეების ქართული კულტურის იდეოლოგიური და ესთეტიკური მრწამსის გამოხატულებაა. იგი ეძღვნება სასულიერო ლირიკაში ღრმად დამუშავებულ (ეფრემ ასურის, იოსებ და თეოდორე სტუდიტეების, ანდრია კრეტელის, იოანე დამასკელის და სხვათა საგალობლები) სინანულის მოტივს. საგალობელში გადმოცემულია ზოგადსაკაცობრიო სევდა. დავით IV თავს ადარებს უმძიმესი ცოდვის ჩამდენთ და გამოთქვამს აზრს, რომ არ არსებობს დანაშაული, რომელიც მის სულს არ ამძიმებდეს. თავის ასეთ დამდაბლებაში ვლინდება ზნესრული ადამიანის მაღალი ეთიკური მრწამსი. დავით IV-ის საგალობელში შეცოდებათა შეგნებით უკვე დაძლეულია ცოდვა და ადამიანის დაცემით გამოწვეულ სევდას ახლავს ნათელი ტონები ადამიანის სრულქმნის ღრმა რწმენისა. "გალობანი სინანულისანი" ქართული ლირიკის შედევრთა რიგში შეიძლება დავაყენოთ, რადგან მასში ავტორის ინდივიდუალური განცდა ამაღლებულია ზოგადსაკაცობრიო ტკივილამდე.

დავით IV-ის ეპოქა იყო მწვავე კლასობრივი და შინაკლასობრივი ბრძოლების ხანა. ქვეყნის სიძლიერისა და ცენტრალიზაციის შენარჩუნებას მეფე შინაკლასობრივი მტრების (ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვარიანები) დათრგუნვისა და მოსახლეობის ექსპლუატაციის ხარჯზე ახერხებდა. მთელი მისი მოღვაწეობა ემსახურებოდა ფეოდალური საქართველოს გაძლიერება-ცენტრალიზაციას.
დავითამდე ქართველ მეფეებს ჰქონდათ როგორც უცხოური (უმეტესად ბიზანტიური), ისე ქართული ტიტულები. ბიზანტიური ტიტულებიდან ქართველი მეფეები ატარებდნენ პატრიკიოზის, მაგისტროსობის, ნოველისიმოსის, სევასტოსისა და კურაპალატის ტიტულებს, რომელთაგან უმაღლესი კურაპალატობა იყო. თვით ბიზანტიაში სულ 18 ტიტული არსებობდა და ყველაზე საპატიო ტიტულს მეთვრამეტე _ კეისარობა წარმოადგენდა, კურაპალატობა მეთექვსმეტე ტიტული იყო, ანუ მნიშვნელობით მესამე ადგილზე იდგა.

ქართველებიდან ბიზანტიამ ეს ტიტული პირველად ქართლის ერისმთავარს გუარამს მიანიჭა. დავით აღმაშენებელმა ერთიან საქართველოს მეფეთაგან პირველმა უარყო ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულები, როგორც ნიშანი ბიზანტიის ხელმწიფესთან თანასწორობისა.

ქართული ტიტულატურა (ტიტულების ჯგუფი), ჩამოყალიბებას ბაგრატ III–ის დროს იწყებს და დავითის შემდეგაც გრძელდება. ბაგრატმა აფხაზეთისა და ტაო-კლარჯეთის სამეფოები გაეერთიანა და შედეგად მიიღო ტიტული _ “მეფე აფხაზთა და ქართველთა“. რანისა (არანი) და კახეთის შემოერთების შემდეგ, ქართველ მეფეთა ტიტულიც იზრდება და დავითი იწოდება: “მეფე აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა“. მოგვიანებით ამას ემატება წოდება “მეფე სომეხთა“. მას შემდეგ, რაც დავითმა ლორე-ტაშირის სამეფო გაათავისუფლა და სომხეთის მეფეები დაიმორჩილა, ქართველ მეფეთა ტიტული გახდა: “მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა“. ლორე-ტაშირის გარდა, შარვანიცა და ანისიც დავით აღმაშენებელმა სიცოცხლის ბოლო წლებში შემოიერთა და მისი მემკვიდრეების ტიტულატურაში აისახა კიდეც ეს მოვლენა. კერძოდ, მათი ტიტულატურა ასეთი იყო: “მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა და შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა“.
 
 

ასევე:

  • 8 თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა
  • 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლიდან 889 წელი შესრულდა
  • დღეს დიდგორობის დღესასწაული აღინიშნება
  • დღეს სახალხო დღესასწაული დიდგორობა გაიმართება
  • დღეს თამარობაა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge