12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლიდან 889 წელი შესრულდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლიდან 889 წელი შესრულდა ---
12-08-2010, 00:46
12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლიდან 889 წელი შესრულდა. დიდგორის ბრძოლა ანუ ძლევაჲ საკვირველი 1121 წლის 12 აგვისტოს მოხდა. ეს იყო ქართველთა ბრძოლა დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ დიდგორის ველზე, მანგლისის მახლობლად, თბილისის მისადგომებთან.

XI-XII საუკუნეების მიჯნაზე ქართველთა წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის მიერ გატარებულმა გაბედულმა პოლიტიკამ თანდათან თურქ-სელჩუკებისგან გამოიხსნა დარბეული, გაპარტახებული ქვეყანა: 1092 წელს დავით IV-მ ხარკი შეუწყვიტა სულთანს, შემდეგ შეუდგა ქართული მიწა-წყლის სრული გაერთიანებისთვის ბრძოლას, აიღო ზედაზენი, შემოიერთა კახეთ-ჰერეთი, სამშვილდე, გიში, რუსთავი, ლორე. დამპყრობელთა ხელში თბილისი და დმანისი რჩებოდა.

ჩრდილოეთში საქართველოს სახით ახალი სამხედრო და პოლიტიკური ძალის აღზევება მაშინ, როდესაც დასავლეთით ახლად შექმნილ ჯვაროსნულ სახელმწიფოებთან განუწყვეტელი ომი მიმდინარეობდა, მეტად სახიფათო იყო თურქ-სელჩუკებისთვის. საინტერესოა, რომ ამ დროს მცირე აზიაში ძალთა მყიფე თანაფარდობა სუფევდა, რადგან არც მუსლიმანებს, არც ჯვაროსნებს შორის ერთობა, ერთიანი ხელმძღვანელობა არ არსებობდა. მაგრამ, როდესაც სელჩუკთა და არაბებთა სხვადასხვა სახელმწიფოს შორის გაერთიანება შედგა, მისი პირველი დარტყმა საქართველოს წინააღმდეგ მიიმართა. როგორც ჩანს, სულთან მაჰმუდ II-სა და მის მოკავშირეებს სურდათ, სწრაფი იერიშით დაემარცხებინათ, გაენადგურებინათ დავით IV, რათა ჩრდილოეთიდან დაცულებს შეერთებული ძალები ჯვაროსნების წინააღმდეგ მიემართათ.
სელჩუკებს ართუკიდ ნაჯმ ად-დინ ილღაზი სარდლობდა, რომელსაც დიდი სახელი ჰქონდა მოპოვებული ჯვაროსნებთან ბრძოლებში.

მაჰმადიანთა ლაშქრის რაოდენობა, სხვადასხვა ცნობის მიხედვით, მერყეობს 100-150 ათასიდან (არაბული, სპარსული და თურქული წყაროების თანახმად) 600-800 ათასამდე (ქართული, ევროპული და სომხური წყაროების თანახმად).

მოკავშირეთა დარტყმა სწრაფი, გადამწყვეტი, თავზარდამცემი უნდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ შეკრიბეს საუკეთესო ცხენოსანი მეომრები ეგვიპტედან კავკასიამდე. თურქული კავალერია იმ დროის განთქმული სამხედრო ძალა იყო.

დავით IV-ის განკრგულებაში 56 ათასი მეომარი იყო. ამათგან 40 ათასი ქართველი, 15 ათასი ყივჩაყი, 500 ოსი და 300 ”ფრანგი” (ევროპელი).

როგორც ჩანს, ბრძოლა ქართველთა მიერ დაგეგმილ ადგილას მოხდა, ვინაიდან სამეფო ლაშქრის პოზიციები წინასწარ იყო გამაგრებული. ლაშქრის ძირითად ნაწილს, რომელსაც პირველი ბრძოლა უნდა მიეღო, დავითი სარდლობდა, დანარჩენი ნაწილი დავითის ვაჟის, დემეტრეს სარდლობით, მთას იყო ამოფარებული და იქიდან მოულოდნელად უნდა დაერტყა მტრისთვის. ბრძოლის დაწყების წინ ქართველთა მხრიდან 200 მხედარი მტრის ბანაკისკენ გაემართა; მაჰმადიანებს ისინი მოღალატენი ეგონათ და თავის ბანაკში შეუშვეს, სადაც მათ მოულოდნელი იერიში მიიტანეს მტერზე. კოალიციური ლაშქრის საბრძოლო წყობა დაირღვა.

ამ დროს ქართველთა ლაშქარმა მტერს ორი მხრიდან შეუტია - დასავლეთიდან დავითი, ხოლო დიდგორის მთიდან დემეტრე გადავიდა შეტევაზე. ქართველი რაინდები და მათი თანამებრძოლები წინა აზიის საუკეთესო მხედრობას შეებნენ.

უაღრესად სისხლისმღვრელი შეტაკება მხოლოდ სამ საათს გაგრძელდა. ილღაზის ლაშქარი სასტიკად დამარცხდა და უკუიქცა. ამით ბრძოლა არ დასრულებულა. დამარცხებულებს თბილისისა თუ დმანისისთვის თავის შეფარებისა და ძალების აღდგენის საშუალება არ მისცეს. დევნა 8 დღეს გაგრძელდა..

საქართველოში ლაშქრობამ მაჰმადიანთა მხედრობის 90% შეიწირა. დაჭრილმა ილღაზიმ, რამდენიმე სარდალსა და ოციოდე მხედართან ერთად, გაქცევა მოახერხა.

დიდგორის ბრძოლას უდიდესი პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა: ერთი მხრივ, მაჰმადიანთა მძლავრი კოალიცია დაირღვა, მისი ლაშქარი კი პირწმინდად განადგურდა. მეორე მხრივ, გაოცებულ თანამედროვეებს საქართველო წარუდგა, როგორც რეგიონის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო.

ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება (1122 წელს თბილისი, 1123 წელს კი დმანისი სამეფოს შეუერთდა) და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.

ნიშანდობლივია, რომ კიდევ ასი წლის განმავლობაში საქართველო არც ერთ მნიშვნელოვან ბრძოლაში არ დამარცხებულა.
 
 

ასევე:

  • დღეს დიდგორობის დღესასწაული აღინიშნება
  • დღეს სახალხო დღესასწაული დიდგორობა გაიმართება
  • 8 თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა
  • დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა
  • ეკლესია კრწანისის ომში დაღუპულ გმირებს იხსენებს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge