|
27-09-2011, 01:54
27 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია გაიმართება. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II წმიდა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.
ჯვართამაღლების დღესასწაული მეოთხე საუკუნეში დაწესდა. მაცხოვრის ჯვარცმიდან სამასი წლის შემდეგ ქრისტიანებმა დაკარგული ჯვარი ისევ მოიძიეს. ეს მოხდა 326 წელს, მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337) დროს. კონსტანტინე დიდმა ჯვრის მოსაძიებლად იერუსალიმში გაგზავნა დედამისი, დედოფალი ელენე. ელენე დიდხანს ამაოდ ცდილობდა, იერუსალიმის მკვიდრთაგან შეეტყო ჯვრის ადგილსამყოფელი. ბოლოს უფალმა მხცოვანი იუდეველის, იუდას მეშვეობით გააცხადა დაფარული. იპოვეს მაცხოვრის საფლავი, მის მახლობლად კი - სამი ჯვარი, დაფა პილატეს დავალებით გაკეთებული სამენოვანი წარწერით და ოთხი ლურსმანი, რომლითაც ძელზე მიამსჭვალეს ქრისტე. რომ გაეგოთ, რომელი იყო ცხოველსმყოფელი ძელი უფლისა, სამივე ჯვარი რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. მესიის ჯვრის შეხებაზე მკვდარი გაცოცხლდა. ურიცხვი ქრისტიანი შეიკრიბა სიწმიდის თაყვანსაცემად. ისინი პატრიარქ მაკარის სთხოვდნენ, აღემართა ჯვარი, რომ ყველას შეძლებოდა მისი დანახვა.
მაშინ მღვდელმთავარმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად სიწმიდის ამაღლება დაიწყო, ხალხი კი ხადილით: „უფალო, შეგვიწყალენ", კრძალვით თაყვანს სცემდა მას. წმიდა ჯვრის აღმოჩენას კიდევ ერთი სასწაული ახლდა თან: მისი გადასახვით მძიმე ავადმყოფი ქალი განიკურნა. მოხუცმა იუდამ და სხვა ებრაელებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. წმიდა ელენე დედოფალმა მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ადგილები ტაძრებით შეამკო: ოთხმოცზე მეტი ეკლესია აშენდა. კონსტანტინე დიდის ბრძანებით დაიწყო ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა, რომელსაც გოლგოთა და უფლის საფლავი უნდა მოეცვა. ტაძარი დაახლოებით ათ წელს შენდებოდა და იკურთხა 335 წლის 13 სექტემბერს. მომდევნო დღეს, 14 (27) სექტემბერს, დაწესდა პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული. |
|