საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში (გუდიაშვილის 7) გაიხსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, თვითნასწავლი მხატვრის, კახა ხოშტარიას ნამუშევრების გამოფენა. გამოფენა 24 ოქტომბრამდე გასტანს. მასზე წარმოდგენილია გრაფიკა, კომპიუტერული გრაფიკა და ფერწერა.
კახა ხოშტარია 1944 წლის 29 იანვარს დაიბადა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ხატვა ადრეულ ასაკში დაიწყო. სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია, თუმცა ინტერესით ეცნობოდა ცნობილი მხატვრების ცხოვრებასა და შემოქმედებას. სწავლის პერიოდში, ძირითადად, ფანქრით ხატავდა. აკეთებდა ჩანახატებს, ხატავდა ოჯახის წევრების პორტრეტებს. 1978 წლიდან მხატვრობით გატაცებამ ინტენსიური ხასიათი მიიღო. ხატვა მისთვის, პრაქტიკულად, უმთავრესი რამ გახდა. როგორც თავად აღნიშნავს, ამას ბიძგი ცხოვრებისეულმა პრობლემებმა, იმ დროის ატმოსფერომ, სევდიანმა განწყობამ, რამაც განაპირობა მცირე ზომის ფერადი (ძირითადად ფლომასტერით, ტუშით, შემდეგში კი პასტელით, აკვარელის ფანქრებით, ან შერეული ტექნიკით შესრულებული) ნახატების სერიული ნაკადის სტიქიურად გაჩენა. ამ პერიოდის ნამუშევრები გამოირჩეოდა მძაფრი განცდებით და თავისებური, უჩვეულო ხელწერით, მდიდარი ფანტაზიით, დეკორატიულობით, აბსტრაგირებისკენ მიდრეკილებით.
“ხატვა მასულდგმულებს”, - ამბობს მხატვარი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი კახა ხოშტარია. 1979 წლიდან იწყება მისი ნამუშევრების გამოფენა. პირველი პერსონალური გამოფენა შედგა 1979 წლის თებერვალში, გამოჩენილი ქართველი მხატვრისა და საზოგადო მოღვაწის, კობა გურულის, სახელოსნოში. როგორც მხატვარი იხსენებს, კობა გურულის სახელოსნოში, არაოფიციალურ ვითარებაში მოწყობილი გამოფენა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა - როგორც შემოქმედების საზოგადოებისთვის წარდგენის, სააშკარაოზე გამოტანის დასაბამი.
იმავე 1979 წელს კახა ხოშტარია ხალხური შემოქმედების სახლში თვითნასწავლი მხატვრების გაერთიანების წევრი გახდა. მაშინ სახვითი ხელოვნების განყოფილებას ხელმძღვანელობდა ჭედურობის გამოჩენილი ოსტატი და ხალხური შემოქმედების დიდი მოამაგე, გურამ გაბაშვილი, რომელსაც ირაკლი ოჩიაურთან, კობა გურულთან და სხვა მხატვრებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული სახვითი ხელოვნების შესანიშნავი დარგის, ლითონმქანდაკებლობის, აღორძინებაში.
1979 წლის მაის-ივნისში გაიმართა კახა ხოშტარიას ნამუშევრების კიდევ ერთი პერსონალური გამოფენა, ამჯერად ფილარმონიის შენობაში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში. ეს გამოფენა გურამ გაბაშვილმა გახსნა და ახალგაზრდა მხატვარი დამსწრე საზოგდოებას ასე დაუხასიათა: კახა ხოშტარია ისევე თავისუფლად ხატავს, როგორც აზროვნებსო.
1979 წლიდან დაწყებული, 1995 წლის ჩათვლით, კახა ხოშტარია მონაწილეობდა თვითნასწავლ მხატვართა და ხალხური შემოქმედების ოსტატთა ნამუშევრების თითქმის ყველა რესპუბლიკურ გამოფენაში. ამას გარდა, მონაწილეობდა სხვა გამოფენებშიც:
1881 წ. - პერსონალური გამოფენა. რუმინეთი. ბუქარესტის პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
1982 წ. - ჯგუფური გამოფენა. საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა მხატვრული ნამუშევრების გამოფენა. გამომცემლობა "მერანის” საგამოფენო დარბაზი.
1983 წ. - შემოქმედებითი ჯგუფის, "სპექტრის” გამოფენა. "მერანი".
1983 წ. - პერსონალური გამოფენა. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (ამჟამად სტუ).
2002 წ. - ხალხური შემოქმედების ფესტივალი. ეროვნული გალერეა.
გამოფენების შესახებ ინფორმაცია ასახულია იმდროინდელ პრესაში. მათგან აღსანიშნავია ცისანა ნადირაძის სტატია "ცისა და მიწის ფერები" ("თბილისი", 30 ივნისი, 1979წ.).
ამჟამად კახა ხოშტარიას ნამუშევრები - ძირითადად, კომპიუტერული გრაფიკა - გამოფენილია ინტერნეტსივრცეში განთავსებულ გამოფენებში.
მხატვრის ნამუშევრები ინახება კოლექციებში - საქართველოში, რუმინეთში, ბულგარეთში, რუსეთში, გერმანიაში, ჩეხეთში, ჰოლანდიაში, აშშ-ში, ირლანდიასა და ინგლისში.
აღსანიშნავია, რომ კახა ხოშტარია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორია. მან 1965 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (ამჟამინდელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი). ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორი კახა ხოშტარია არის ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ტელეკომუნიკაციის დარგში.