|
29-10-2011, 01:19
”ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში” განათლების სფეროში მიმდინარე ღონისძიებებთან დაკავშირებით სემინარი გაიმართა. ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მონაწილეობდა. სამუშაო შეხვედრას საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სემინარის მიზანი იყო მოწვეული სტუმრებისათვის ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების გაცნობა და ამ ორგანიზაციებთან მომავალი თანამშრომლობის ფორმატის განსაზღვრა.
სემინარის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საელჩოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთობლივად განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების შესახებაც მოხსენებები და პრეზენტაციები იქნა წარმოდგენილი.
განათლების რეფორმის ახალი ფაზა, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს, განათლების პოლიტიკისა და საკანონმდებლო სისტემის დახვეწას, ეფექტური სკოლამდელი, საშუალო და უმაღლესი განათლების სისტემის შექმნას, კვალიფიციური კადრების მომზადებას, ყველა სოციალური ჯგუფისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სწავლის შედეგების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
გატარებული რეფორმების ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პერიოდულად აწყობს ანალოგიურ სემინარებს, სამუშაო შეხვედრებს და ამ გზით ახდენს საზოგადოების და ყველა დაინტერესებული მხარის ინფორმირებას განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებისა და რეფორმების შესახებ. |
|