|
1-05-2010, 00:22
საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წარმომადგენელები საქართველოს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმას, ასევე, 2010-2011 წლების ახალ ინიციატივებსა და გამოწვევებს გაეცნენ. სამუშაო შეხვედრა ბაზალეთის კომპლექსზე მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების თაობაზე დიპლომატიური კორპუსისთვის ინფორმაციის მიწოდებასა და მათი მხარდაჭერის მოპოვებას.
მოწვეულთა შორის იყვნენ ორგანიზაციები, რომელთანაც სამინისტრო წლების განმავლობაში ნაყოფიერად თანამშრომლობს და ერთობლივ ღონისძიებებს ახორციელებს, ეს ორგანიზაციებია: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ამერიკული საბჭოები (American Councils), "მშვიდობის კორპუსი" (Peace Corps), გაეროს ბავშვთა ფონდი, გერმანიისა და ესტონეთის საელჩოები, ევრაზიის ფონდი. თითოეულმა მათგანმა წარმოადგინა განათლების სფეროში საქმიანობის ამსახველი მოკლე პრეზენტაცია.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საფრანგეთის ელჩი, პოლონეთის ელჩის მოადგილე, მსოფლიო ბანკის, ბრიტანეთის საბჭოსა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. |
|