ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პრიიტ ტურკმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა.
პრიიტ ტურკმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ესტონეთის ეკონომიკისა და განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები გააცნო. საუბარი შეეხო საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს.
ესტონეთის ელჩმა ისაუბრა მცირე და საშუალო ბიზნესის, პროუქციის ექსპორტის, ტრანსპორტის, ლოჯისტიკის სფეროებში კონკრეტული გამოცდილების გაზიარების შესახებ. სტუდენტების შეკითხვები, ძირითადად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს შეეხებოდა.
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა ესტონეთის ელჩს სტუ-ის ბიბლიოთეკა დაათვალიერებინა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკა საქართველოში ერთ-ერთი უდიდესთაგანია. ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი უნიკალურია და მოიცავს როგორც სასწავლო, აგრეთვე, სამეცნიერო და მხატვრულ ერთეულებს, რომელთა რაოდენობა 1721906-ია, მათ შორის 500 000 ეგზემპლარი პერიოდული გამოცემაა.
პრიიტ ტურკი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა ესტონელი მეცნიერის, ნაციონალური ეკონომიკის პროფესორის, მატი რაუდიარუს მოწვევით, რომელიც სტუ-ში საერთაშორისო პროექტის ფარგლებში იმყოფება. ღონისძიების ორგანიზატორი კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის უფროსი, ჟურნალ “ბიზნეს-ინჟინერინგის” მთავარი რედაქტორი ალექსანდრე სიჭინავა.