ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოსა და სომხეთში პრიიტ ტურკმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს სერტიფიკატები გადასცა.
ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე, საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტში, საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით სტუდენტებისთვის ლექციის კურსს (3.03.2014-5.04.2014) კითხულობდა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ტრენინგს ატარებდა ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორი მატტი რაუდიარვუ. ლექციების ციკლის თემა იყო: “ეკონომიკური პოლიტიკის საფუძვლები“. ლექციებს დაესწრო 26 სტუდენტი, ხოლო ტრენინგებს 60 პროფესორ-მასწავლებელი სტუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტიდან.
პროგრამის სახელწოდებაა “მე-7 ევროპული თანამეგობრობის, მარი კიურის საერთაშორისო კვლევითი პერსონალის გაცვლის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი“.
3 აპრილს გაიმართა პროექტის დახურვის ცერემონიალი, რომელსაც დაესწრო ესტონეთის ელჩი პრიიტ ტურკი. მან სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს სერტიფიკატები გადასცა.
პრიიტ ტურკი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოიწვია ესტონელმა მეცნიერმა, ნაციონალური ეკონომიკის პროფესორმა, მატტი რაუდიარვუმ, რომელიც სტუ-ში საერთაშორისო პროექტის ფარგლებში იმყოფება. ღონისძიების ორგანიზატორი კი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის უფროსი, ჟურნალ “ბიზნეს-ინჟინერინგის“ მთავარი რედაქტორი, პროფესორი ალექსანდრე სიჭინავაა.