|
2-04-2014, 14:17
ხვალ, 3 აპრილს, 17:00 საათზე, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და სომხეთში პრიიტ ტურკი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს სერტიფიკატებს გადასცემს.
ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე, საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტში, საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით სტუდენტებისათვის ლექციის კურსს (3.03.2014-5.04.2014) კითხულობდა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ტრენინგს ატარებდა ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორი მატტი რაუდიარვუ. ლექციის თემა იყო: “ეკონომიკური პოლიტიკის საფუძვლები“. ლექციებს დაესწრო 26 სტუდენტი, ხოლო ტრენინგებს 60 პროფესორ-მასწავლებელი სტუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტიდან.
პროგრამის სახელწოდებაა “მე-7 ევროპული თანამეგობრობის, მარი კიურის საერთაშორისო კვლევითი პერსონალის გაცვლის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი“.
3 აპრილს გაიმართება პროექტის დახურვის ცერემონიალი, რომელსაც დაესწრება ესტონეთის ელჩი პრიიტ ტურკი, ის გადასცემს სერტიფიკატებს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.
პრიიტ ტურკი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოიწვია ესტონელმა მეცნიერმა, ნაციონალური ეკონომიკის პროფესორმა, მატტი რაუდიარვუმ, რომელიც სტუ-ში საერთაშორისო პროექტის ფარგლებში იმყოფება. ღონისძიების ორგანიზატორი კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის უფროსი, ჟურნალ “ბიზნეს-ინჟინერინგის“ მთავარი რედაქტორი პროფესორი ალექსანდრე სიჭინავაა. |
|