|
20-03-2012, 13:01
"სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე (SummerJob)" მონაწილეთა რეგისტრაცია საიტზე SummerJob.ge დღეიდან დაიწყო. როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა SummerJob საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში, 2012 წლის 20 ივლისს ამოქმედდება და 20 აგვისტომდე გასტანს. მასში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს. სტუდენტთა რეგისტრაცია მხოლოდ ინტერნეტით, 20 მარტიდან 20 აპრილამდე განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში ოცდახუთი ათასი სტუდენტი დასაქმდება და მათი ხელფასი 500 ლარი იქნება. სურვილის შემთხვევაში, სტუდენტი შეთავაზებული 70-მდე სამუშაო სახეობიდან ერთ სასურველ ვაკანსიას აირჩევს.
"პროგრამა SummerJob მიზნად არ ისახავს სტუდენტის დასაქმებას პროფესიის მიხედვით, თუმცა, სტუდენტის პროფესია შესაძლოა აღმოჩნდეს ვაკანტური ადგილების ნუსხაში, ძირითად ნაწილს კი, არა პროფესიის მიხედვით მოუწევს დასაქმება იმ მიზეზით, რომ მისი პროფესია შესაძლოა არ იყოს დამსაქმებლების მიერ შემოთავაზებული და მოთხოვნილი. პროექტი SummerJob გამიზნულია იმისთვის, რომ სტუდენტმა შეძლოს კვალიფიკაციის ამაღლება და გამოცდილების მიღება იმ სფეროში, რომელშიც მომავალში სურს დასაქმდეს. ასევე, გამომუშავებული თანხა მას საშუალებას აძლევს საკუთარი სწავლა დააფინანსოს ან გამოიყენოს შემეცნების, მოგზაურობის, დასვენებისათვის და ა.შ.",-აცხადებენ განათლების სამინისტროში.
მათი ინფორმაციით, ამგვარი პრაქტიკა დანერგილია და წარმატებით ხორციელდება დასავლეთის ქვეყნებში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორია ჩართული. |
|