|
14-04-2012, 20:55
დღეს, 14 აპრილს, 100 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც XX საუკუნის დასაწყისისთვის მსოფლიოს უდიდესი ლაინერი აისბერგს შეეჯახა. ტიტანიკი რეისში გასვლის დღიდან ოთხი დღის შემდეგ, 1912 წლის 14 აპრილის ღამე აისბერგს შეეჯახა. გემი, რომლის მფლობელი კომპანია White Star Line იყო და რომელიც ბელფასტში, Harland and Wolff-ის გემთსაშენში აშენდა, 15 აპრილის, აისბერგთან შეჯახებიდან 2 საათისა და 40 წუთის შემდეგ ჩაიძირა.
გემზე მყოფი 2223 მგზავრიდან 1517 ადამიანი დაიღუპა. ტიტანიკის კატასტროფა ერთ-ერთი ყვეელაზე მასშტაბურია მსოფლიო საზღვაო ისტორიაში. მსხვერპლის დიდი რაოდენობა იმითაც იყო გაპირობებული, რომ გემზე საკმარისი რაოდენობის ნავი არ იყო. სამაშველო ნავების რაოდენობა სულ 1.178 ადამიანზე იყო გათვლილი.
ლაინერის დაღუპვის 100 წლისთავთან დაკავშირებით, 5 ათასზე მეტი ნივთი ლეგენდარული "ტიტანიკიდან" აუქციონზე პირველად გაიყიდება. აუქციონი ბრიტანული ლაინერის დაღუპვიდან ზუსტად 100 წლის შემდეგ გაიმართება. აუქციონი დაგეგმილია დაახლოებით ერთ-ნახევარი კილომეტრის დაშორებით პორტიდან, სადაც, რომ არა კატასტროფა, "ტიტანიკს" ღუზა უნდა ჩაეშვა.
აუქციონის სახლმა გამოტანა ნივთების სრული კოლექცია, რომელიც გემის დაღუპვის ადგილას 4 კმ სიღრმეში აღმოაჩინეს. ნივთები გაიყიდება როგორც ერთიანი კოლექცია. ექსპონატებს შორისაა "ტიტანიკის " კორპუსის დიდი ფრაგმენტიც.
გემის ნარჩენები 1985 წელს აღმოაჩენეს. ორი წლის შემდეგ პირველად გახდა შესაძლებელი ოკეანის სიღრმიდან ამოეღოთ რამოდენიმე ნივთი, დაკავშირებული ლეგენდარულ ლაინერთან. ბოლო 25 წლის განმავლობაში ამოიღეს და აღადგინეს 5000 რელიკვია. რამდენიმე წლის წინ კოლექცია 189 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. |
|