|
6-12-2009, 13:49
6 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის ხსენების დღეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წირვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. ტაძრებში საღმრთო ლიტურგია გაიმართება. მღდელმოწამე გრიგოლ ფერაძე 1899 წლის 13 სექტემბერს სიღნაღის მაზრის სოფელ ბაკურციხეში (ახლანდელი გურჯაანის რაიონი), მღვდლის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ _ სასულიერო სემინარია და ახალგახსნილი უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი. 1922 წლის მაისში ფერაძე ბერლინის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 1925 წელს იგი სასწავლებლად ბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე გადავიდა, სადაც მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ნაშრომისთვის "სამონასტრო საწყისების საკითხები საქართველოში". 1931 წელს გრიგოლ ფერაძე მონაზვნად აღიკვეცა. მალე მღვდლად აკურთხეს და არქიმანდრიტობაც უბოძეს. მას პარიზის ქართული სამრევლო ჩააბარეს. გრიგოლ ფერაძემ პარიზში წმიდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია და სამრევლო ჟურნალი "ჯვარი ვაზისა" დააარსა. 1932 წელს მამა გრიგოლი ვარშავის მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის პროფესორად აირჩიეს. იგი თავის სახსრებს სირია-პალესტინაში, საბერძნეთში, ბულგარეთში, ავსტრიაში, რუმინეთში, იტალიასა და ინგლისში ქართული საეკლესიო ხელნაწერებისა და ქართული ეკლესიის ისტორიისათვის ცნობების მოძიებას ახმარდა. 1942 წლის მაისში მამა გრიგოლი ვარშავაში გესტაპომ დააპატიმრა. დაპატიმრების უშუალო მიზეზი ის გახდა, რომ მამა გრიგოლი ეხმარებოდა და იფარებდა ფაშისტებისგან დევნილ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს. წმიდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტი გრიგოლი ოსვენციმის ბანაკში 1942 წელს აღესრულა. |
|