|
26-06-2012, 15:44
2 ივლისს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის გ. ნიკოლაძის სახელობის მცირე დარბაზში გაიმართება საჯარო განხილვა. განხილვის თემაა “ზოგიერთი გაუშუქებელი აქტუალური საკითხი ახალგამოცემულ “საქართველოს ისტორიის” ოთხტომეულში”.
სარედაქციო კოლეგიის წევრი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე - “საქართველოს ისტორიის” ოთხტომეულის გამოცემის მიზნები და ამოცანები”.
სიტყვით გამოვლენ მეცნიერები: გ კვაშილავა - “ძვ. წ. XX-XV საუკუნეების კრეტული წერილობითი ძეგლებით დადასტურებული ქართველური ცივილიზაციის არსებობა სამხრეთ კავკასიაში, შავი და ეგეოსის ზღვების არეალში”; რ. გვეტაძე - “იბერიული ცივილიზაციისა და ადრექრისტიანული მატერილური კულტურის თარიღიანი წერილობითი ძეგლები და ქართული ასომთავრული სისტემა; რ. რამიშვილი - “ზოგიერთი მოსაზრება “საქართველოს ისტორიის” ოთხტომეულთან დაკავშირებით”.
გარდა ამისა, გაიმართება ჟურნალ “ქართველოლოგიის” 2012 წლის მე-2 ნომრის პრეზენტაცია. ნ. მახარაძე წაიკითხავს მოხსენებას თემაზე - “A-ხაზოვანი წარწერების ამოკითხვა და პეტრე იბერის კულტურული მემკვიდრეობის შეფასება”.
როგორც კოლხურ-იბერიული ეთნოკულტურის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, “აია-კოლხეთის” დამფუძნებლები აცხადებენ, საქართველოს ხელისუფალთა კონცეფცია იმის თაობაზე, რომ “ქართველები უძველესი ევროპელები არიან~ (აკად. თ. გამყრელიძე) _ დამტკიცდა არქეოლოგიური წერილობითი ძეგლებით.
“მოგეხსენებათ, რომ კუნძულ კრეტაზე აღმოჩენილია ძვ.წ. XX-XV ს.ს.-ით დათარიღებული 1400-ზე მეტ თიხის ფირფიტა, რომლებიც შესრულებულია იეროგლიფური და A-ხაზოვანი წარწერებით. ეს წარწერები გია კვაშილავას მიერ ამოკითხული იქნა პროტო-ქართველურ-კოლხურ ენაზე. ამ წარწერებში დასახელებულია ქართველური ანთროპონიმები, ქართველური ტოპონიმები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა (მაგ., ხორბალი, ქერი, ლეღვი, სელი, ყურძენი, ღვინო და სხვა) და შინაური ცხოველების აღრიცხვა, მთელი რიცხვები, წილადი რიცხვები და სხვა. წარწერები ასევე შე¬სანიშნავ მასალას შეიცა¬ვენ პროტო-ქართველური სამყაროს პოლიტიკური, სოციალური და რელიგიური ისტო¬რიის შესასწავლად”, - აღნიშნავენ კოლხურ-იბერიული ეთნოკულტურის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, “აია-კოლხეთის” დამფუძნებლები.
მათი ინფორმაცით, ამ წარწერების ამოკითხვით დასტურდება:
1. ძვ.წ. V-III ათასწლეულებში სამხრეთ კავკასიის, შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, პელოპონესის ნახევარკუნძულის, მცირე აზიის, ეგეოსის ზღვის აუზის კუნძულების უძველესი ადგილობრივი მოსახლეობა არაინდოევროპული და არასემიტური წარმოშობის იყვნენ _ ეს იყო პროტოქართველური-კოლხური (სამხრეთკავკასიური) მოსახლეობა, სანამ ამ ადგილებში ინდოევროპული ტომების მიგრაცია დაიწყებოდა;
2. ძვ.წ. XX-XV საუკუნეებში, როდესაც შეიქმნა ეს უძველესი წარწერები, პელასგურ-კოლხური (იბერიული) უძველესი კულტურა და ენა გავრცელებული იყო სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიაში, ხმელთაშუა და შავი ზღვების არეალში, სანამ გავრცელდებოდა ინდოევროპული კულტურა და ენა (მაგ., ბერძნული);
3. ქართული ცივილიზაციისა და სახელმწიფოებრიობის ოთხიათასწლოვანი ისტორია.
როგორც კოლხურ-იბერიული ეთნოკულტურის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, “აია-კოლხეთის” დამფუძნებლები აცხადებენ, გია კვაშილავას ეს აღმოჩენა აღიარებულია მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მიერ, გამოცემულია ენციკლოპედიები, მონოგრაფიები და პუბლიკაციები, მაგრამ, სამწუხაროდ, გაურკვეველი მიზეზების გამო აღნიშნული ფაქტი არ არის ასახული ახალგამოცემულ “საქართველოს ისტორიის~ ოთხტომეულში.
“ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია და შესწავლილია იბერიის ცივილიზაციის წარმართული ხანის 15 არქეოლოგიური ძეგლი, მცხეთაში, ნეკრესსა და რუსთავში. მათ შორის ბევრი დათარიღებულია, მაგალითად, “შარაგასის გამარჯვების სტელა~, რომელზედაც მეფე მირდატ II-ის მოღვაწეობა არამეულ ენაზეა აღწერილი. ქართული ეროვნული წელთაღრიცხვის სისტემის მიხედვით და ასომთავრული ანბანის ნიშნების გამოყენებით სტელა დათარიღებულია ახ. წ. 97 წლით.
რუსთავსა და ნეკრესში აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები მიუთითებს იბერიული ცივილიზაციის მაღალ დონეს, განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი მნიშვნელობა ქართული დამწერლობის ისტორიისთვის.Eეპოქალური მნიშვნელობის ძეგლად აღიარებულია ნეკრესის მთვარე-მზის კალენდარი, რომელიც ამტკიცებს წინა ქრისტიანულ ეპოქაში ქართული დამწერლობის არა მარტო არსებობას, არამედ ქართული ეროვნული წელთაღრიცხვის გამოყენებას. რაც დაფუძნებული იყო ძველი აღმოსავლური ცივილიზაციის მიღწევებზე. ამ აღმოჩენებს გამოჩენილმა ქართველმა აკადემიკოსმა ლევან ჭილაშვილმა მიუძღვნა საქართველოს აკადემიის გრიფით გამოცემული მონოგრაფია: “ნეკრესის უძველესი ქართული წარწერები და ქართული დამწერლობის ისტორიის საკითხები~. თუმცა გაურკვეველი მიზეზით, არც ლევან ჭილაშვილის აღმოჩენები არ არის ასახული ახლად გამოცემულ საქართველოს ისტორიაში.
ასევე გაურკვეველი მიზეზით იბერიული ცივილიზაციის მატერიალური კულტურის წერილობითი ძეგლები საერთოდ არ არის ასაახული ახალგამოცემულ “საქართველოს ისტორიაში~. იგნორირებულია წინაქრისტიანული პერიოდის მრავალსაუკუნოვანი ქართული დამწერლობის ტრადიცია.
წინაქრისტიანული ხანის საკულტო ძეგლებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, გრადნდიოზული და დახვეწილი დაგეგმარების სატაძრო ნაგებობის ნაშთი, რომელსაც ეწოდა “მზის ტაძარი~ და მასზე ასახულია მზის კალენდარული წლის პარამეტრები. ტაძარი დათარიღებულია ახ.წ. 40 წლით და იმავდროულად წარმოადგენს მეფე ფარსმან I-ის (მითრიდატე II-ის მამა) მემორიალს.
ნეკრესის მზის ტაძარი და ნეკრესის მთვარე-მზის წარმართული კალენდარი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კატეგორიას უნდა მიეკუთვნოს, რისთვისაც საჭიროა სულ მცირე გაშუქებული და ილუსტრირებული იქნეს “საქართველოს ისტორიის~ წიგნებში.
ნეკრესის ნაქალაქარი იმსახურებს გახდეს ტურისტული ცენტრი, რადგან იქ თავმოყრილია ცეცხლთაყვანისმცემელთა, მზის თაყვანისმცემელთა და ქრიატიანული რელიგიების საკულტო ნაგებობები”, - მიიჩნევენ “აია-კოლხეთის” დამფუძნებლები.
მატი განცხადებით, პროტო-ქართველურ-კოლხური და იბერიულ-ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ეთნოსის წვლილის, როგორც ერთ-ერთი ღირსეული შემოქმედის როლის გამოსავლენად მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში. ეს დადებითად იმოქმედებს ქვეყნის იმიჯზე, რაც თავისთავად გაზრდის ტურისტულ და ბიზნესინტერესებს. |
|