|
12-07-2012, 00:45
12 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა - პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს პეტრეპავლობას აღინიშნავს. ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.
12 ივლისს დასრულდება პეტრეპავლობის მარხვა. პეტრეპავლობის მარხვა ჯერ კიდევ მოციქულებს დაუწესებიათ. ამ მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ამიტომ ის ყველაზე დიდი ექვს კვირას გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე - 7 დღეს.
პეტრეპავლობის მარხვა დიდმარხვასა და ვნების შვიდეულთან შედარებით მსუბუქი მარხვაა.
ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს ორ მათგანს მიაგებს და მათ თავმოციქულებად სახელსდებს. ესენი არიან წმ. პეტრე და პავლე, რომელნიც წმ. მღვდელთმთავარ იოანე ოქროპირის სიტყვით, „აღემატნენ ყოველგვარ ბუნებას მიწიერსა და ზეციურს. ისინი, ხორცში მყოფნი, აღემატნენ ანგელოსებს... პეტრე - დასაბამი მართლმადიდებლობისა, დიდებული მღვდელთმსახური ეკლესიისა... პავლე - ჭეშმარიტების ჩინებული მქადაგებელი, ქრისტეს ეკლესიის ფხიზელი მესაჭე“.
წმ. მოციქული პეტრე, უფროსი ძმა ანდრია მოციქულისა, უფლის ხმობამდე გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზე იყო. სახელად ადრე სვიმონი ეწოდებოდა. „შენ ხარ სვიმონ, ძე იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების: კლდე“, - ასე უთხრა მას იესო ქრისტემ, როდესაც მიხედა. რამდენიმე ხნის შემდეგ ქრისტემ გალილეის ტბის ნაპირთან კვლავ იხილა პეტრე და ანდრია, რომელნიც ბადეს აგდებდნენ ტბაში. „მოვედით და შემომიდექით მე და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა“ - ამ სიტყვებმა, რომლებიც უბრალო მეთევზეებისადმი იყო მიმართული, გადაწყვიტა მათი ბედი. მგზნებარე პეტრე, მხურვალედ მოყვარული უფლისა იესოსი, მაშინვე შეუდგა მას. მალე თვით უფალმა მოინახულა პეტრეს სახლი და მხურვალებისგან განკურნა მისი სიდედრი.
უდიდესი რწმენისა და ერთგულების მქონე პეტრე - მხოლოდ ერთი ქრისტეს მოწაფეთაგან - გაკადნიერდა ეთხოვა უფლისთვის: „უფალო... მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა“. უფლის სიტყვისაებრ, იგი ნავიდან წყალზე გადმოვიდა და როგორც ხმელეთზე, ისე გაეშურა მისკენ. მაგრამ შეეჭვდა ღვთიურ შეწევნაში და დანთქმა იწყო. „უფალო, მიხსენ მე!“ - შესძახა პეტრემ და ღვთიურმა მოძღვარმაც არ დაახანა, მეყსეულად განართხო ხელი და კვლავ უკან, ნავში, აიყვანა. მაგრამ არა მარტო ქარბორბალისა და ქარისგან იხსნა უფალმა, არამედ მცირედმორწმუნეობისგანაც, ეტყოდა რა „მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთვის, რათა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ შენი“.
თაბორის მთაზე პეტრე იაკობსა და იოანესთან ერთად გახდა მოწმე უფლის ღვთიური დიდებისა. დაინახა უფალი იესო ქრისტე ფერიცვალებით და ესმა ხმა მამაღმერთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ“, პეტრემ განიხარა და წამოიძახა „კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ“. ამაზე მოგონება მის ერთ-ერთ ეპისტოლეშია შემორჩენილი. მოახლოვდა ჟამი მაცხოვრის მხსნელი ვნებებისა და იგი, იერუსალიმისკენ მიმავალი, დაეკითხა თავის მოწაფეებს: „თქუენ ვინ გგონიე მე ყოფად?“ პეტრემ, მოციქულთა შორის პირველმა, თქვა: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაი“, რისთვისაც უფლისგან უდიდესი შექება დაიმსახურა: „ნეტარ ხარ შენ, სვიმონ ბარ იონა“ („იონა“ ქართულად მტრედს ნიშნავს, „ბარ“ - „ძეს”, ხოლო მტრედი სულიწმიდის სახეა, ანუ პეტრეს მადლმოსილების გამო სულიწმიდის ძე, შვილობილი უწოდა)... „შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“.
პეტრესეულმა აღმსარებლობამ თავისი გამოძახილი პოვა მოციქულთა სადღესასწაულო საკითხავებში „ქრისტემან შენ პირველი გამოგაჩინა, პეტრე, და საფუძველად სარწმუნოებასა გვირგვინოსან-გყო შენ“. საიდუმლო სერობის უწინარეს სიონის ქორედზე მაცხოვარმა „...მოიღო არდაგი და მოირტყა იგი... და იწყო ბანად ფერხთა მოწაფეთა თვისთა“. „უფალო, შენ დამბანა ფერხთა ჩემთა?“ შეეწინააღმდეგა პეტრე. „უკუეთუ არა დაგბანნე შენ ფერხნი, არა გაქუნდეს შენ ნაწილი ჩემ თანა“, - განუმარტა მას უფალმა. მაშინ პეტრემ, შიშითა და სიყვარულით მოცულმა, შეჰღაღადა: „უფალო ნუ ხოლო ფერხნი ჩემნი, არამედ ხელნიცა და თავიცა ჩემი“.
მოწაფეთაგან მხოლოდ ერთი, პეტრე, გამოექომაგა უფალს გეთსიმანიის ბაღში. აღმოიხადა მახვილი და ერთ იქ მოსულთაგანს მოჰკვეთა ყური, მაგრამ მაცხოვარმა თვით თავისი სიკვდილის წინაც კი იზრუნა და განკურნა ყურმოჭრილი. პეტრე გაჰყვა უფალს კაიაფა მღვდელთმთავრის სახლამდის, მასთან ერთად შევიდა ეზოში, იდგა იქ ცეცხლთან და თბებოდა. მაგრამ სამგზის უარყო თავისი ღვთიური მოძღვარი, როცა მასაც ხელს ადებდნენ, როგორც ქრისტეს მოწაფეს: „არა ვიცი კაცი ესე“. როდესაც მესამედ უარყოფდა, დაინახა, რომ უფალი უმზერდა მას და „განვიდა გარე და ტიროდა მწარედ“. ერთ-ერთი წმინდა გადმოცემით, მას მერე ყოველთვის, როცა კი მოესმოდა მამლის ყივილი, პეტრე თურმე მწარედ ატირდებოდა ხოლმე, მომგონებელი თავისი ამ შეცოდებისა, ისე, რომ ხშირი ტირილისგან თვალის უპესთან სისხლიანი ღარები გაუჩნდა.
მაგრამ არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომელსაც გულმოწყალე უფალი არ ჰპატიებდეს. პეტრეს სინანული იმდენად ძლიერი და ღრმა იყო, რომ აღდგომის შემდეგ უფალი პირველს, მოწაფეთა შორის, პეტრეს ეჩვენა. სამჯერ დაეკითხა პეტრეს: გიყუარ მეა? და სამგზის მიიღო პასუხად: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. იესო ქრისტემ აღადგინა იგი მოციქულის ღირსებაში, ანდო მას დასამწყსველად თავისი სიტყვიერნი ცხოვარნი.
უფლის ამაღლების შემდგომ, პეტრეს რჩევისაებრ, ათორმეტ მოციქულთა შორის შეირაცხა მატათა. ამას შემდეგ, სულთმოფენობისას, პეტრე პირველქრისტიანული თემის წინამძღოლი შეიქნა. მკვდრეთით აღმდგარი უფლის მგზნებარე სიყვარულით შთაგონებული მისი ქადაგება იმდენად ცხოველსმყოფელი ზემოქმედების იყო, რომ ათასობით ადამიანს მოაქცევდა ქრისტეს სარწმუნოებაში. საოცარი ნიშები ახლდა პეტრესეული აღმსარებლობის ქრისტესმიერ რწმენას. მკვდრები აღდგებოდნენ, მკელობელნი და განრღვეულნი განიკურნებოდნენ, დანაშაულში მხილებულნი სულს განუტევებდნენ.
ცნობილია წმ. პეტრე მოციქულის ორი კათოლიკე ეპისტოლე (დაახლ. 63 და 67 წწ.). მეორე ეპისტოლეში წერს: „უწყი, რამეთუ ადრე ყოფად არს დატევებაჲ საყოფელისა ამის ჩემისაჲ, ვითარცა - იგი უფალმან ჩუენმან იესო ქრისტემან მაუწყა მე“, ანუ უფლის სიტყვისაებრ წინასწარმეტყველებს თავის მოახლოებულ აღსასრულს. იმპერატორ ნერონის ბრძანებით, პეტრე მოციქული შეიპყრეს და განაჩენად ჯვარცმა გამოუტანეს. თავს უღირსად მიიჩნევდა, მიეღო ისეთივე მოწამეობრივი სიკვდილი, როგორც მის მასწავლებელს და ჯალათებს სთხოვდა, თავქვე ეცვათ ჯვარს, სურდა სიკვდილის დროსაც დაეხარა თავი უფლისთვის.
წმ. მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენის ტომიდან იყო და მოციქულებრივ მსახურებამდე სახელად სავლე ერქვა. კილიკიის ქ. ტარსუში დაბადებული „განსწავლულ ზედმიწევნით მამულითა სჯულითა; მოშურნე ვიყავ ღმრთისათვის“, როგორც თვითონვე ამბობდა საკუთარ თავზე, - „ვსდევნიდ ვიდრე სიკუდილამდე, შევჰკრებ და მივსცემდ საპყრობილედ მამათა და დედათა“. იგი იწონებდა მთავარდიაკონ სტეფანეს წამებას და მის ქვით ჩამქოლავთა სამოსელსაც კი სდარაჯობდა. 34 წ., მღვდელთმთავართა დავალებით, იგი ქ. დამასკოში გაემგზავრა, რათა იქ თავშეფარებული ქრისტიანები საწამებელად გადაეცა. გზაში ერთი მოვლენა შეემთხვა, რამაც ძირეულად შეცვალა სავლეს ბედი.
როდესაც დამასკოს მიუახლოვდა, ღვთიურმა ნათელმა მოიცვა. ყველა მისი მხლებელი მხედარი ცხენიდან ჩამოვარდა, ხოლო სავლეს ესმა ხმა, რომელიც იტყოდა: „საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე? ფიცხელ არს შენდა წიხნაჲ დეზისაჲ“. სავლე დაეკითხა: შენ ვინ ხარ, უფალო? ხმამ უპასუხა: მე ვარ იესო, რომელსა შენ მდევნი. არამედ აღდეგ და დადეგ ფერხთა შენთა ზედა, რამეთუ ამისთვის გეჩვენე შენ, რათა დაგადგინო შენ მსახურად და მოწამედ, რომელი იხილე და რომელი გიჩუენო შენ.
სავლეს მხლებლებს ხმა ესმოდათ, მაგრამ სიტყვებს ვერ არჩევდნენ. ღვთიური ნათებისგან სავლე დაბრმავდა და უფლის მითითებით გაეშურა დამასკოსკენ, სადაც ერთი სამოცდაათ მოციქულთაგანი, ანანია ცხოვრობდა. ამ უკანასკნელს კი გამოცხადებით ემცნო: აღდეგ შენ ადრე და მივედ უბანსა მას, რომელსა ჰრქვიან მართალი, და მოიძიე ტაძართა მათ იუდასთა სავლე სახელით, ტარსელი. ანანიას მისთვის ხელი უნდა დაესხა და თვალი აეხილებოდა. აღასრულა ბრძანებული და სავლეს მყის აეხილა თვალი, ნათელ-იღო და ეწოდა სახელად პავლე.
მოიღო პავლემ უფლისაგან ბრძანება, ეხარებინა სასუფეველი და იწყო მქადაგებლობა იუდეველებსა და წარმართებში, მონებს შორის და თავისუფლებში, რისთვისაც თავს იდო ხანგრძლივი მოგზაურობები და წარგზავნიდა ეპისტოლეებს. პალესტინასა და მცირე აზიაში, საბერძნეთსა და იტალიაში, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე გაისმოდა მოციქულის მგზნებარე სიტყვა. კუნძულ კვიპროსზე მოგზაურობისას აღივსო წმ. პავლე სულითა წმიდითა და უშლიდა მოგვ ელვიმას ანთვიპატ სერგი პავლეს „გარდაქცევად გზათა მათ უფლისათა წრფელთა“. პავლე მოციქულის სიტყვისაებრ, მოგვი დაბრმავდა და „მიმოვიდოდა და ეძებდა მძღუარსა“. დაახლოებით 51 წ. პავლე მონაწილეობდა მოციქულთა კრებაში იერუსალიმს. შეკრებილთ პავლემ ამცნო: „რავდენი ქმნა ღმერთმან ნიშები და სასწაულები წარმართთა შორის მათ მიერ“. კრებამ გადაწყვეტილება მიიღო, წარმართებისთვის არ დაეძალებინათ მოსეს სჯულის აღსრულება, ხოლო „კეთილსა იქმოდეთო”.
თავის განუწყვეტელ ღვაწლში მრავალი ჭირთათმენა უწევდა წმ. პავლეს. „ჰურიათაგან ხუთ გზის ორმეოცსა ერთი მოკლებული ცემა მოვიღე. სამგზის კუერთხითა ვიეც, ერთ გზის ქვითა განვიტვინე, სამგზის ნავი დამექცა, ღამე და დღე უფსკრულთა შინა დავყავ“. ფილიპპესა და მაკედონიაში ქადაგებისას შეპყრობილ იქნა და საპყრობილეში ჩაგდებულ. მაგრამ ბორკილდადებულიც განაგრძობდა ლოცვასა და ღვთის დიდებას და შუაღამისას დიდი ძრვა იყო, კარნი განეხვნეს და ბორკილები დასცვივდა.
ათენში ქრისტეს ახარებდა „მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ“. ამ ქადაგებამ არეოპაგში ახალმოქცეულები შესძინა საქრისტიანოს, მათ შორის მომავალი დიდი ღვთისმეტყველი დიონისე არეოპაგელი. როდესაც მესამე მისიონერული მოგზაურობიდან ბრუნდებოდა, პავლე მოციქული კესარიაში შეხვდა აგაბო წინასწარმეტყველს, რომელმაც აიღო პავლეს სარტყელი, „შეიკრა ხელნი და ფერხნი და სთქვა: ამას იტყვის სული წმიდა: კაცი, რომლისა არს სარტყელი ესე, ესრეთ შეკრან იერუსალიემს“. ამით აგაბომ ბორკილები უწინასწარმეტყველა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე უნდა ეტარებინა. იერუსალიმში დაბრუნებისას პავლე მოციქული შეიპყრეს და როგორც რომის მოქალაქე, კეისრის სამსჯავროზე გაგზავნეს.
რომში წმ. პავლე პეტრე მოციქულს შეეწეოდა მოქალაქეთა ქრისტიანულ განათლებაში. ერთ-ერთი გადმოცემით, მან მოაქცია იმპერატორის მეღვინეთუხუცესი, რისთვისაც სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს. წმინდა მოციქულმა სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა.
ზოგიერთი მოწმობით, პეტრე და პავლე მოციქულები ერთ დღეს აღესრულნენ მოწამეობრივად, სხვა გადმოცემით - პავლეს სრული ერთი წლის შემდეგ მოჰკვეთეს მახვილით თავი პეტრეს ჯვარცმის შემდგომ. მათი ხსენების დღესასწაული იმთავადვე დაწესდა, ხოლო დაკრძალვის ადგილი წმინდა იყო პირველქრისტეანთათვის. IVს. წმ. მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა რომსა და კონსტანტინეპოლში აღმართა ტაძრები წმ. თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელზე. |
|