|
14-07-2012, 20:38
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე ქუთაისში მოსახლეობას შეხვდა და პრეზიდენტის ინიცირებული ახალი პროექტი - ”პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები” გააცნო. მინისტრმა მოსახლეობის შეკითხვებსაც უპასუხა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
ახალი პროექტი ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს გადამზადების ორთვიანი კურსი გაიაროს ინგლისურ ენაში, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებსა და პროფესიულ ორიენტაციაში და სურვილისამებრ აირჩიოს ერთი, ორი ან სამივე ტრენინგი ერთად. ტრენინგების კურსი მონაწილეებს შემდგომ დასაქმებაში დაეხმარება. 20 ქალაქისა და რაიონული ცენტრის 80 ტრენინგცენტრში ერთდროულად 20 000 ადამიანი უფასოდ გადამზადდება.
პროექტის ფარგლებში მსურველთა რეგისტრაცია 2012 წლის 16 ივლისიდან იწყება და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია ელექტრონულად რესურსცენტრებში, საჯარო სკოლებსა და ვებგვერდზე: www.po.ge იწარმოებს. რეგისტრაციისათვის საჭიროა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ტრენინგები 15 სექტემბერს დაიწყება და 15 ნოემბრამდე გაგრძელდება. სალექციო კურსს პროფესიონალი ტრენერები ჩაატარებენ. სპეციალურად ამ ტრენინგებისათვის სახელმძღვანელოები შეიქმნა. ყველა საჭირო სახელმძღვანელო და სასწავლო მასალა მონაწილეებს უფასოდ დაურიგდებათ.
ტრენინგების ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: რუსთავი, თელავი, გურჯაანი, გორი, ხაშური, ბორჯომი, ახალციხე, ახალქალაქი, ზესტაფონი, ჭიათურა, ქუთაისი, სამტრედია, ტყიბული, ონი, სენაკი, ზუგდიდი, ფოთი, ქობულეთი, ოზურგეთი, მესტია. mes.gov.ge |
|