მინისტრმა მთავრობის წევრებს 2012 წლის სტრატეგიული გეგმა წარუდგინა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

მინისტრმა მთავრობის წევრებს 2012 წლის სტრატეგიული გეგმა წარუდგინა სიახლე
8-12-2011, 20:10
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მთავრობის წევრებს სამინისტროს 2012 წლის სტრატეგიული გეგმა გააცნო.

შეხვედრაზე წარმოდგენილი პრეზენტაცია განათლების ყველა სფეროს მოიცავდა. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეზე გააკეთა, ეს არის სტუდენტური დასაქმების პროგრამა, რომელიც საზაფხულო არდადეგებზე 25 000 სტუდენტის საზაფხულო სამუშაოებზე დასაქმებას გულისხმობს და მეორე მთავარი სიახლე - საქართველოს 15 ქალაქის (რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ზესტაფონი, გორი, ხაშური, ზუგდიდი, ბათუმი, ტყიბული, ონი, ჭიათურა, ახალქალაქი, სამტრედია, ოზურგეთი, თელავი) მოსახლეობა გადამზადდება ინგლისურში, კომპიუტერსა და პროფესიულ ორიენტაციაში. ასევე მომავალი წლიდან არაავტორიზებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებს სამინისტრო ერთიან ეროვნულ გამოცდებს დაუფინანსებს და გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში დაგროვილ კრედიტებს უღიარებს.

მინისტრმა ასევე ვრცლად იმ სიახლეებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ზოგადი განათლების კუთხით დაიგეგმა კერძოდ, მომავალი წლისთვის VII-XII კლასებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაინერგება და ამ კლასებისთვის ახლი გრიფირებული სახელმძღვანელოები შეიქმნება, მათი ფასი 10 ლარს არ აღემატება; ამოქმედდება მოსწავლის ცოდნის შეფასების ახალი სისტემა; გაიზრდება ატესტატის მნიშვნელობა.

მომავალი წლიდან ფართოდ დაინერგება მრავალკომპონენტიანი E-strategy (ელექტრონული სტრატეგია), რომელიც მთელ სისტემას მოიცავს; გაძლიერდება სკოლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლება; გამოვა ამ საგნის ახალი გრიფირებული სახელმძღვანელო და გადამზადდებიან პედაგოგები; გაიხსნება 100 ახალი ,,მომავლის კლასი”, სკოლები ,,ჭკვიანი დაფებით” (smart board) აღიჭურვება; შეიქმნება სპეციალური კომპიუტერული პროგრამები და ყველა საგანში შემეცნებითი კომპიუტერული თამაშები დაინერგება; 2012 წელს 60 000-მდე პირველკლასელი და მათი პედაგოგები სახელმწიფოსგან საჩუქრად საქართველოში წარმოებულ კომპიუტერებს მიიღებენ; უფასო სახელმძღვანელოები ყველა სოციალურად დაუცველ მოსწავლეს გადაეცემა.

გაძლიერდება ინგლისური ენის სწავლება და პროექტის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში 1500 ინგლისურენოვანი მასწავლებელი ჩამოვა; ადგილობრივი 300 ინგლისური ენის მცოდნე მოხალისე ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სხვა მაღალმთიანი რეგიონის სკოლებში ინგლისური ენის მასწავლებლად იმუშავებს; გაიხსნება ინგლისური ენის კაბინეტები; უმაღლესებში სტუდენტებს ბაკალავრის დიპლომის მისაღებად ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება B1, B2 დონეზე მოუწევთ; კიდევ უფრო გაძლიერდება ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება, პროგრამა ”აინშტაინი”-ს ფარგლებში სკოლები ახალი ლაბორატორიებით (სულ 1800) აღიჭურვება.

გაგრძელდება წარჩინებულ მოსწავლეთა და სტუდენტთა წახალისების პროგრამები; გადამზადდებიან პედაგოგები; გაგრძელდება პედაგოგთა ხელფასების ზრდა; გაფართოვდება მანდატურის სამსახური და იგი წელს სკოლის მანდატურის საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდება; გაგრძელდება ინკლუზიური განათლების განვითარება, საკვირაო და კერძო სკოლების ხელშეწყობა; გაიზრდება ეთნიკური უმცირესობებისათვის განათლების ხელმისაწვდომობა.

გაგრძელდება საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტების დაჯილდოება, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამების დაფინანსება, მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.

2012 წლის ბიუჯეტში სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 40 მილიონი ლარია გათვალისწინებული, აშენდება 20 ახალი სკოლა; სკოლებს გადაეცემათ 100 000 ახალი მერხი; 5000 ახალი დაფა და 25 000 კომპიუტერი; ახალი დაფინანსების სისტემით აღარ იარსებებს დანაკლისიანი სკოლები.

2012 წლისთვის აშენდება: მასწავლებლის სახლები ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში, 3 ახალი პროფესიული სასწავლებელი (თბილისი, ოზურგეთი, ქობულეთი), 2 ახალი საინფორმაციო ცენტრი (თელავი, ზუგდიდი), საგამოცდო ცენტრი თბილისში, სონის პროფესიული კოლეჯი, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, მოხდება ხელნაწერთა ინსტიტუტის რეაბილიტაცია.

გაგრძელდება პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელშეწყობა, მეცნიერების განვითარება და პოპულარიზაცია. სამეცნიერო კვლევებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 37 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ეს არის არასრული ჩამონათვალი სამომავლოდ დაგეგმილი სიახლეებისა, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მთავრობის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • განათლების მინისტრმა 2012 წლის სტრატეგიული გეგმა წარმოადგინა
  • განათლების მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა
  • განათლების მინისტრმა “Associated Press”-ს ინტერვიუ მისცა
  • დადგა 2012 წელი
  • დიმიტრი შაშკინმა პარლამენტარებს სამინისტროს პრიორიტეტები წარუდგინა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge