დადგა 2012 წელი » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

დადგა 2012 წელი კულტურა, სპორტი
1-01-2012, 02:24
დადგა ახალი, 2012 წელი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2012 წლის სტრატეგიული გეგმა განათლების ყველა სფეროს მოიცავს და ქვეყანის საგანმანათლებლო სისტემაში მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს. ამ ეტაპზე სამინისტრო რეფორმებს 42 მიმართულებით ახორციელებს. 2012 წელს მიმდინარე რეფორმებს კიდევ ხუთი მიმართულება დაემატება.

წარმოდგენილი სამომავლო გეგმებიდან ერთ-ერთი სიახლე 2012 წლის საზაფხულო პროგრამებია, რომელიც გულისხმობს: 1. სტუდენტური დასაქმების პროგრამას - საზაფხულო არდადეგებზე 25 000 სტუდენტის დასაქმებას საზაფხულო სამუშაოებზე, 2. საქართველოს 15 ქალაქის (რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ზესტაფონი, გორი, ხაშური, ზუგდიდი, ბათუმი, ტყიბული, ონი, ჭიათურა, ახალქალაქი, სამტრედია, ოზურგეთი, თელავი) მოსახლეობის გადამზადდებას ინგლისურში, კომპიუტერსა და პროფესიულ ორიენტაციაში.

სიახლეა იმ 7000 სტუდენტისთვსაც, რომლებიც არაავტორიზებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებში სწავლობენ, სამინისტრო მათ ერთიან ეროვნულ გამოცდებს დაუფინანსებს და გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში დაგროვილ კრედიტებს უღიარებს. ამ ცვლილებით სამინისტრო არაავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს ჩარიცხვის შემთხვევაში აძლევს შანსს სწავლა სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძონ.

მარტივდება უცხო ქვეყნიდან ჩამოსული მოსწავლის ან სტუდენტის სასწავლო დაწესებულებაში მიღების წესი, 2012 წლიდან ისინი სასურველ სასწავლებელში განაცხადის გაკეთებიდან 24 საათის განმვალობაში შეძლებენ სწავლის დაწყებას. საჭირო დოკუმენტაციის ნამდვილობის დადასტურება კი პარალელურ რეჟიმში მოხდება. ცვლილების განხორციელებამდე უცხოეთიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველს ლოდინი რამდენიმე თვის განმავლობაში უწევდა.

2012 წლიდან უქმდება აბიუტურიენტთა მეორადი ჩარიცხვები. შვიდის ნაცვლად, აბიტურიენტი თავიდანვე ოც სასურველ ფაკულტეტს აირჩევს. უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების მსურველს უფართოვდება მისთვის სასურველი ფაკულტეტის შერჩევის არეალი, თუმცა მისი ჩარიცხვა მხოლოდ ერთხელ გაკეთებული არჩევანის საფუძველზე მოხდება. ამით გამოცდების საბოლოო შედეგების გამოცხადება დაჩქარდება და იგი ნაცვლად ოქტომბრისა, 25 აგვისტომდე გახდება ცნობილი. ამდენად, 2012 წელი აბიტურიენტებისა და მათი მშობლებისთვის ნაკლებად სტრესული და უფრო კომფორტული იქნება. მომავალი წლიდან ორ სპეციალობაზე - სამედიცინო ფაკულტეტის სამკურნალო, ფარმაცევტულ და სტომატოლოგიურ მიმართულებებზე და იურიდიულ ფაკულტეტზე კომპეტენციის მინიმალური ზღვარი 10-10%-ით გაიზრდება და 35% გახდება. ხოლო უცხო ენაში ზღვარი 30% გახდება. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ფაკულტეტის ყველა დანარჩენ მიმართულებებზე ზღვარი იგივე რჩება.

უმაღლეს სასწავლებლებს შეზღუდვები უწესდებათ და ყველა მათგანი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე საგანს მხოლოდ მაპროფირებელი მიმართულებიდან აირჩევს. აქამდე მეოთხე საგანს თავად უმაღლესი ირჩევდა და მიუხედავად მკაცრი პოლიტიკისა, არსებობდნენ უნივერსიტეტები, სადაც სამედიცინო ფაკულტეტზე მეოთხე გამოცდას აბიტურიენტები არა ქიმია-ბიოლოგიაში, არამედ ისტორიაში ან გეოგრაფიაში აბარებდნენ.

ცვლილება შედის კანონში მობილობასთან დაკავშირებით. სტუდენტთა მობილობა იზღუდება იმ თვალსაზრისით, რომ მაგალითად, ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი სამედიცინოს სტუდენტი ვერ გახდება, ვიდრე ის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე განსხვავებულ გამოცდას შესაბამის საგანში არ ჩააბარებს. სტუდენტს, რომელიც მობილობით იცვლის ფაკულტეტს კრედიტები უნარჩუნდება.


უმაღლესი სასწავლებლებისთვის ასევე ამოქმედდება განვითარების ფონდი ენდაუმენტის ფონდი, დაფინანსდება სამაგისტრო პროგრამები უცხოეთში (DRF ), ბათუმში გაიხსნება ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის უცხოელი პროფესორ-მასწავლებლების ჩამოსაყვანად თითოეული უმაღლესი სასწავლებლისთვის გამოიყოფა მილიონიანი გრანტი.

განათლების სისტემის 2012 წლის გამოწვევების ერთ-ერთი მთავარი მიზანი საჯარო სკოლებში განათლების ხარისხის ამაღლებაა. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმას. 2012 წელს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა VII-XII კლასებში დაინერგება. ამავე კლსებისთვის შეიქმნება სახელმძღვანელოები, რომლებიც გრიფირების ახალ, გამკაცრებულ წესს გაივლიან და რომელთა ფასი მაქსიმუმ 10 ლარი იქნება. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სკოლებში უკვე დანერგილია. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შემოღებით საგანმანათლებლო პროცესი ერთიან სივრცეში მოექცევა, სასწავლო გეგმა ხუთი წლის განმავლობაში არ შეიცვლება. სოციალურად დაუცველი მოსწავლეები I-XII კლასის ჩათვლით სახელმძღვანელოებს სახელმწიფოსგან საჩუქრად მიიღებენ;

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მთავარი ამოცანა სკოლებში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის გაძლიერებულად სწავლების დანერგვაა. სკოლებში გაძლიერდება საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლება, გადამზადდებიან პედაგოგები, გაიხსნება 100 ახალი ”მომავლის კლასი” და სკოლები აღიჭურვება smart board-ებით, შეიქმნება სპეციალური კომპიუტერული პროგრამები და ყველა საგანში შემეცნებითი კომპიუტერული თამაშები დაინერგება, 2012 წელსაც 60 000-მდე პირველკლასელი და მათი პედაგოგები სახელმწიფოსგან საჩუქრად საქართველოში წარმოებულ კომპიუტერებს მიიღებენ; საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების გაძლიერების მიზნით ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მეშვიდე კლასში ახალი საგანი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძველი შემოდის, რომელიც საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დაწყებას უფრო ეფექტურს და სახალისოს გახდის, პროგრამა ”აინშტაინი”-ს ფარგლებში 1800 სკოლა ახალი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვება, გაგრძელდება საბუნებისმეტყველო მიმართულების საერთაშორისო საზაფხულო სკოლების ორგანიზებაც.

რაც შეეხება ინგლისური ენის სწავლების გაძლიერებას, 2012 წლიდან კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს პროექტი ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’, ამ პროექტის ფარგლებში საქართველოში 2012 წელს 1500 ინგლისურენოვანი მოხალისე მასწავლებელი ჩამოვა. გარდა ამისა, ადგილობრივი 300 ინგლისური ენის მცოდნე მოხალისე ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და სხვა მაღალმთიანი რეგიონების სკოლებში ინგლისური ენის მასწავლებლად იმუშავებს, 2012 წელს სკოლებში გაიხსნება ინგლისური ენის კაბინეტები, საქართველოში, დიდ ბრიტანეთსა და მალტაში ამოქმედდება ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები.

განათლების 2012 წლის პრიორიტეტებში კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მასწავლებელთა კვალიფიკაციის გაზრდა, სერტიფიცირება და ხელფასების ზრდა. პედაგოგის მიერ კვალიფიკაციის ამაღლება ხელფასის გაზრდის პირდაპირ პროპორციულია. ამჟამად მასწავლებლის საშუალო ხელფასი 380 ლარია, სერტიფიცირების გავლის შემდეგ პედაგოგის ხელფასი 75 ლარით იზრდება. მენტორობის შემთხვევაში კი მასწავლებელს ხელფასზე 180 ლარიანი დანამატი აქვს. გარდა ამის, ყველა სერტიფიცირებულ მასწავლებელს ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, ხელფასზე დანამატი 125 ლარი ეძლევა, ხოლო სერტიფიცირებულ პედაგოგს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდა და საუკეთესო 25%-ში მოხვდა, ხელფასი 1000 ლარი აქვს. ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის სერტიფიცირებული პედაგოგები ლაბორატორიის ტესტის ჩაბარების შემთხვევაში ხელფასზე დანამატს 75 ლარს მიიღებენ.

მაღალმთიან რაიონებში პროგრამა ”ასწავლე საქართველოსთვის” მონაწილე ყველა მასწავლებელი ხელფასზე 500 ლარიან დანამატს იღებს, ხელფასზე1000 ლარიანი დანამატი აქვს პროგრამაში ”ქართული როგორც მეორე ენა” მონაწილე ყველა მასწავლებელს, ბილინგვურ სწავლებაში ჩართული მასწავლებლები დამატებით 200 ლარს იღებენ.

მასწავლებლების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 2012 წელს აშენდება: მასწავლებლის სახლები ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში, სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის გადამზადდებიან პედაგოგები, გაძლიერდება მენტორ-მასწავლებლების და მაძიებლობის პროგრამები, შეიქმნება მასწავლებელთა ახალი დამხმარე მეთოდური სახელმძღვანელოები, დაგეგმილია მასწავლებელთა გადამზადება უცხოეთშიც (ცერნი, ნოტინგჰემი).

შრომის ბაზრის მოთხოვნების საპასუხოდ 2012 წელს საქართველოს განათლებისა და მაცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების კიდევ უფრო გაძლიერებასა და ხელშეწყობას გეგმავს. 2012 წლიდან პროფესიული განათლება ვაუჩერულ დაფინასებაზე გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ პროფესიული კოლეჯების სტუდენტებს სამინისტრო სწავლას დაუფინანსებს და თითო სტუდენტს ათასლარიან ვაუჩერს მისცემს, სოციალურად დაუცველი სტუდენტები 100%-იან დაფინანსებას მიიღებენ. ცვლილებებია უმაღლეს მეოთხე და მეხუთე დონის პროფესიულ განათლებაშიც. ახალი წესით, აბიტურიენტები უმაღლეს პროფესიულ სასწავლებლებში ისეთივე პრინციპით მოხვდებიან, როგორც მაგისტრატურაში, ისინი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგად უნარებს ჩააბარებენ და აგვისტოში აირჩევენ სასურველ სპეციალობებს. სტუდენტი წინასწარ არ აფიქსირებს, თუ სად აპირებს სწავლის გაგრძელებას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს ასევე დაგეგმილი აქვს 4 ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა.

სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მთავარ პროირიტეტს ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრირება წარმოადგენს, ამ მხრივ მთავარი პრობლემა ენობრივი ბარიერია. სწორედ ამ სირთულის დაძლევის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აამოქმედა პროგრამა ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის’’, რომელიც უკვე წარმატებით ფუნქციონირებს და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოხალისე ქართული ენის პედაგოგების წარგზავნას გულისხმობს. 2012 წლიდან ამ პროექტის კიდევ უფრო გაძლიერება იგეგმება, 500 მოხალისე პედაგოგის გაიგზავნება არაქართულენოვან სკოლებში. სპეციალურად ეთნიკური უმცირესობებისთვის უკვე შექნილია ქართული ენის სახელმძღვანელო დამხმარე აუდიო-ვიდეო მასალით, რომელიც დაყოფილია დონეების მიხედვით, ამ ეტაპზე გამოცემულია სამი დონე, 2012 წელს სრულად თორმეტივე დონე დაიბეჭდება. სახელმძღვანელოები დაურიგდებათ როგორც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებს, ასევე ქართული ენის სახლებს. ქართული ენის სახლების გახსნა სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის იმ რაიონებში იგეგმება, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. ამ სახლებში ქართულის შესწავლა ყველა ასაკის მსურველს შეეძლება. ასევე, განხორციელდება მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამები, გადამზადდებიან არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლები, გაძლიერდება მულტილინგვური სწავლება. მასწავლებელი, რომელიც მულტილინგვურად ასწავლის ხელფასზე ორასლარიან დანამატს მიიღებს.

გარდა ამისა, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ექნებათ ქვოტები უმაღლეს საგანამანთლებლო დაწესებულებებში და შეღავათები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. გაძლიერდება ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, სადაც არაქართულენოვანი სკოლის დირექტორებისა და პედაგოგების გადამზადება და მათთვის ქართული ენის სწავლება მოხდება.

2012 წლის გამოწვევბში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამინისტროს ელექტრონული სტრატეგიის - E-strategy განხორციელებას, რომელიც სრულიად საგანმანათლებლო სისტემას ელექტრონულ რეჟიმზე გადაიყვანს, შეიქმნება ელექტრონულ ბაზები: ePeople - ადამიანური რესურსების მართვის სისტემა, eSchools - სკოლების საინფორმაციო სისტემა, eStudents - მოსწავლეთა მართვის საინფორმაციო სისტემა, eROfficers მანდატურების საინფორმაციო სისტემა, eAssets - სკოლების ინფრასტრუქტურის მართვის სისტემა, eFinance - სკოლების ფინანსური მონიტორინგის სისტემა, eGIS - გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა, eLibrary - ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკა, eCatalog - საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი.

შინაარსობრივი ცვლილებების პარალელურად დაგეგმილია ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებიც, გათვალისწინებულია სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რასაც დამატებით 40 მილიონი ლარი მოხმარდება - აშენდება 10 ახალი სკოლა, 4 ახალი პროფესიული სასწავლებელი (თბილისი, ოზურგეთი, ქობულეთი) და 3 ახალი საინფორმაციო ცენტრი (თელავი, ზუგდიდი, ახალციხე), გაიხსნება სონის პროფესიული კოლეჯი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხელნაწერთა ინსტიტუტს. 2012 წელს სკოლების ახალი ვაუჩერული დაფინანსების სისტემით აღმოფხვრილია დანაკლისიანი სკოლების პრობლემა და სკოლების დაფინანსება გაზრდილია 40 მილიონი ლარით.

2012 წლის გამოწვევბში ასევე მნიშვნელოვანია ”უსაფრთხო სკოლის” ფარგლებში მანდატურის სამსახურის გაფართოება და ყველა რაიონულ ცენტრში ამ სამსახურის ამოქმედება. საქართველოს მანდატურის სამსახური სკოლის მანდატურთა საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანდება, მანდატურები დამატებით 140 სკოლაში შევლენ, გაგრძელდება მათი გადამზადებაც.

გაეროს კვლევების თანახმად საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს განათლების ხელმისაწვდომობის მხრივ. ეს შედეგი საქართველოს განათლების სისტემამ კომპლექსური რეფორმების შედეგად მიაღწია, სადაც ინკლუზიური განათლების განვითარება ერთ-ერთ წამყვან პოზიციებს იკავებს. 2012 წელს დაგეგმილია ინკლუზიური განათლების კიდევ უფრო განვითარება - გაიზრდება ინკლუზიური სკოლების რაოდენობა, შეიქმნება ადაპტირებული ფიზიკური გარემო, გადამზადდებიან ინკლუზიური მასწავლებელები, დაიწყება ინკლუზიური განათლების დანერგვა პროფესიულ სასწავლებლებშიც, ასევე დაგეგმილია საქართველოში ინკლუზიური განათლების საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზება.

ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემაში განხორციებული და დაგეგმილი ცვილილებების პარალელურად სამინისტრო მეცნიერების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის არა-ერთ პროექტს ახორციელებს. მომავალი წლის ბიუჯეტში სამეცნიერო კვლევებისთვის 25 მილიონი ლარია გათვალისწინებული, მოხდება სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარება, ხელნაწერთა ინსტიტუტის რეაბილიტაცია, დაგეგმილია ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა და საზღვარგარეთის სამეცნირო კვლევით ცენტრებში მათი მივლინება, სამეცნიერო კვლევებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, მოსწავლეებში მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით ტარდება საერთაშორისო კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი”.

2012 წლის სტრატეგიული გეგმის მთავარი მიზანია - ხარისხიანი განათლება ხელმისაწვდომი იყოს ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის.
 
 

ასევე:

  • მინისტრმა მთავრობის წევრებს 2012 წლის სტრატეგიული გეგმა წარუდგინა
  • განათლების მინისტრმა 2012 წლის სტრატეგიული გეგმა წარმოადგინა
  • უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შედის
  • განათლების მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა
  • განათლების მინისტრმა “Associated Press”-ს ინტერვიუ მისცა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge