|
16-02-2012, 01:30
აშშ-ში ვიზიტით მყოფ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ”Associated Press”-ის ჟურნალისტებმა ინტერვიუ ჩაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. დიმიტრი შაშკინმა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება განათლების სისტემაში დანერგილ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა.
ვრცელ ინტერვიუში მინისტრი თითქმის ყველა სიახლეს შეეხო, მათ შორის ისაუბრა ერთ-ერთ წარმატებულ პროექტზე - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად (TLG)”, რომლის ფარგლებშიც უკვე მეორე წელია საქართველოში ინგლისურენოვანი მასწავლებლები ჩამოდიან, პროექტი გრძელდება და წლის ბოლომდე 1500 მოხალისე პედაგოგი ეწვევა საქართველოს; ინგლისური ენის სწავლება საქართველოს სკოლებში პირველი კლასიდან მიმდინარეობს, წარმატებული მოსწავლეებისათვის ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში მოქმედებს; ინგლისური ენა გაძლიერებულად ისწავლება უმაღლეს სასწავლებლებშიც; სკოლებში ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოებით აღჭურვილი ბიბლიოთეკები იხსნება.
სკოლებში ფართოდ ინერგება მრავალკომპონენტიანი E-strategy (ელექტრონული სტრატეგია) და საინფორმაციო ტექნოლოგიების გაძლიერებულად სწავლება; უკვე გაიხსნა 4 და წლის ბოლომდე 100 ახალი ,,მომავლის კლასი” გაიხსნება; მიმდინარეობს სკოლების ,,ჭკვიანი დაფებით” (smart board) აღჭურვის პროცესი; იქმნება სპეციალური კომპიუტერული პროგრამები და ყველა საგანში შემეცნებითი კომპიუტერული თამაშები ინერგება; 2011 წელს 60 000-მდე პირველკლასელმა და მათმა პედაგოგებმა სახელმწიფოსგან საჩუქრად საქართველოში წარმოებული კომპიუტერები ”ბუკები” მიიღეს, პროექტი 2012 წელსაც გაგრძელდება და ამდენივე პირველკლასელი მიიღებს საჩუქრად ნეთბუქს.
სახელმწიფოს მხრიდან მილიონობით ლარი იხარჯება სასკოლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაზე - 2011 წელს 350 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა; აშენდა 10 ახალი სკოლა, მასწავლებლის სახლი, საგამოცდო ცენტრი თბილისში, სამი პროფესიული კოლეჯი და საინფორმციო ცენტრები თბილისსა და ქუთაისში; სკოლები საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, ახალი დაფებით, მერხებითა და სკამებით აღიჭურვა. 2012 წლის ბიუჯეტში სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 40 მილიონი ლარია გათვალისწინებული, აშენდება 20 ახალი სკოლა; მასწავლებლის სახლები ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში, 3 ახალი პროფესიული სასწავლებელი, 2 ახალი საინფორმაციო ცენტრი (თელავი, ზუგდიდი), სონის პროფესიული კოლეჯი, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, მოხდება ხელნაწერთა ინსტიტუტის რეაბილიტაცია. სკოლებს გადაეცემათ 100 000 ახალი მერხი; 5000 ახალი დაფა და 25 000 კომპიუტერი. mes.gov.ge |
|