|
19-11-2011, 01:35
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სიახლეები და სამინისტროს 2012 წლის სტრატეგიული გეგმა გააცნო.
შეხვედრაზე წარმოდგენილ პრეზენტაციაში მინისტრი განათლების ყველა სფეროს შეეხო. დიმიტრი შაშკინმა ვრცლად ისაუბრა ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე, კერძოდ: მომავალი წლისთვის იქმნება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა (VII-XII კლასებში); კიდევ უფრო გაძლიერდება ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება, პროგრამა ”აინშტაინის" ფარგლებში სკოლები 900 ახალი ლაბორატორიითა და 200 ,,ჭკვიანი დაფით” (smart board) აღიჭურვება; დაინერგება E-strategy (ელექტრონული სტრატეგია); გაძლიერდება საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლება; გაიხსნება 100 ახალი ,,მომავლის კლასი”; გაგრძელდება პროექტის ” ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ინგლისურენოვანი მასწავლებლების ჩამოყვანა; ადგილობრივი 300 ინგლისური ენის მცოდნე მოხალისე ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და მაღალმთიანი რეგიონების სკოლებში ინგლისური ენის მასწავლებლებად იმუშავებს; 500 მოხალისე პედაგოგი გაიგზავნება არაქართულენოვან სკოლებში.
2012 წელს ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელი და მათი პედაგოგები სახელმწიფოსგან საჩუქრად საქართველოში წარმოებულ კომპიუტერებს მიიღებენ; უფასო სახელმძღვანელოები სახელმწიფოსგან საჩუქრად ყველა სოციალურად დაუცველ მოსწავლეს გადაეცემა; გაგრძელდება წარჩინებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამები; გადამზადდებიან პედაგოგები; გაგრძელდება პედაგოგთა ხელფასების ზრდა; გაფართოვდება მანდატურის სამსახური; გაგრძელდება ინკლუზიური განათლების განვითარება და კერძო სკოლების ხელშეწყობა.
2012 წლის ბიუჯეტში სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 40 მილიონი ლარია გათვალისწინებული, აშენდება 20 ახალი სკოლა; სკოლებს გადაეცემათ 100 000 ახალი მერხი; 5000 ახალი დაფა და 25 000 კომპიუტერი; ახალი დაფინანსების სისტემით აღარ იარსებებს დანაკლისიანი სკოლები.
2012 წლისთვის აშენდება მასწავლებლის სახლები ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში, 3 ახალი პროფესიული სასწავლებელი (თბილისი, ოზურგეთი, ქობულეთი), 2 ახალი საინფორმაციო ცენტრი (თელავი, ზუგდიდი), საგამოცდო ცენტრი თბილისში, სონის პროფესიული კოლეჯი, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, მოხდება ხელნაწერთა ინსტიტუტის რეაბილიტაცია.
გაგრძელდება პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელშეწყობა, მეცნიერების განვითარება და პოპულარიზაცია. სამეცნიერო კვლევებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 37 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
გაგრძელდება საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტების დაჯილდოება, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამების დაფინანსება, მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.
ეს არის არასრული ჩამონათვალი სამომავლოდ დადეგმილი სიახლეებისა, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პარლამენტარების შეკითხვებსაც უპასუხა. mes.gov.ge |
|