|
13-09-2011, 23:08
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთავარი პრიორიტეტები წარმოადგინა.
ახალი სასწავლო წლისთვის ძირითადი პრიორიტეტებია: სოციალურად დაუცველი ყველა მოსწავლის სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა; სასკოლო სახელმძღვანელოების დაბალი ფასების უზრუნველყოფა; ახალი სკოლებისა და კოლეჯების გახსნა; საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; ნეტბუქები და პორტატული კომპიუტერები პირველკლასელებისა და მათი პედაგოგებისთვის და ასევე წარჩინებული მოსწავლეებისათვის.
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინგლისური ენის გაძლიერებულად შესწავლას ხოლო, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სკოლებსა და სხვა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ქართული ენის გაძლიერებულ სწავლებას.
ასევე პრიორიტეტულადაა მიჩნეული პროფესიული სწავლების ხელშეწყობა და მანდატურების კვალიფიკაციის ამაღლება.
მინისტრმა ამომწურავად ისაუბრა თითოეული ამ საკითხის და სხვა განსახორციელებელი აქტივობების შესახებ. მისი განცხადებით, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ამ სასწავლო წელს პირველიდან-მეექვსე კლასის ჩათვლით განხორციელდება, მომავალ წელს კი, ანალოგიური გეგმა მეშვიდე–მეთორმეტე კლასებისთვის მომზადდება.
დასასრულს, დიმიტრი შაშკინმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. mes.gov.ge |
|