|
21-09-2012, 13:33
21 სექტემბერს მართლმადიდებლური სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია სრულდება. წირვას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს. ტაძარში კითხულობენ სახარებიდან ადგილს, მსახურების ბოლოს კი უწმიდესი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და დღესასწაულს ულოცავს.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა _ პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი.
ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინა. მათ აღთქმა დადეს, თუ ღმერთი შვილს მისცემდათ, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ამცნო ანას, რომ იგი მუცლად-იღებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარ სახლში სამ წელიწადს იზრდებოდა.
მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ "მშობლებად ღმრთისა" იწოდებიან, როგორც უფალ იესუ ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი. მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ ღვთისაგან - უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები. |
|