|
21-09-2010, 00:38
21 სექტემბერს მართლმადიდებლური სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღვთისმშობლის შობასთან დაკავშირებით 20 სექტემბერს, საღამოს, ლოცვა სიონის საკათედრო ტაძარში აღავლინა.
21 სექტემბერს, დილის 9 საათზე კი, პატრიარქი დიდუბეში მდებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში წირვას აღავლენს.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა _ პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი.
ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინა. მათ აღთქმა დადეს, თუ ღმერთი შვილს მისცემდათ, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ამცნო ანას, რომ იგი მუცლად-იღებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარ სახლში სამ წელიწადს იზრდებოდა.
მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ ~მშობლებად ღმრთისა" იწოდებიან, როგორც უფალ იესუ ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი. მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ ღვთისაგან - უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები. |
|