5 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ”მულტიმედია არტჯგუფი ”სტიგმატი” მესამედ იღებს მონაწილეობას საერთაშორისო არტფესტივალში ”არტისტერიუმ-2012”-ში. ამჯერად ჯგუფი წარდგება 5 ახალი მინი არტფილმით, (კინოპოეზია).
არტფესტივალი "ქარვასლაში" გაიხსნება.
ანდერგრაუნდის მულტიმედია შემოქმედებითი არტჯგუფი ”სტიგმატი” ჯგუფის ფორმით 2006 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფი ჩამოაყალიბა პოეტმა, მულტიმედია არტისტმა გიორგი ბუნდოვანმა. ამჟამად ჯგუფის ძირითად შემადგენლობაში არიან არტისტები: გიორგი ბუნდოვანი, მიხეილ გისტი, მარიკა ჟორჟოლიანი.
ფილმების გადაღება და მონტაჟი ხდება გამიზნულად, დაბალი ტექნოლოგიით ანუ დაბალი ხარისხით და კუსტარული ტექნიკით, რაც თავისებურ ეფექტსა და ხიბლს ქმნის. ამგვარი ტექნოლოგიით გადაღებულ ფილმებს ”დაბალი რეზოლუციის ფილმებს” უწოდებენ და ამ მეთოდს მსოფლიოში მრავალი ცნობილი რეჟისორი მიმართავს (გადაღება ხდება მობილური ტელეფონით, ზოგჯერ ძველი 8-მილიმეტრიანი კინოკამერით). ბუნდოვანმა ძველი ფილმების დიდი ნაწილი გადაამუშავა, დახვეწა და უკვე რამდენიმე ახალიც გადაიღო.