|
17-07-2010, 00:16
20 ივლისს, 17:00 საათზე, ”კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ “კავკასიურ სახლში” (გ. ტაბიძის ქ. 20) ჯგუფ ”სტიგმატის” მინი არტფილმების მე-4 პრეზენტაცია და განხილვა გაიმართება. ამის შესახებ ჯგუფ ”სტიგმატის” ხელმძღვანელმა და რეჟისორ-ოპერატორმა, პოეტმა გიორგი ბუნდოვანმა განაცხადა.
პირველი პრეზენტაცია ამ ანდერგრაუნდის კინონიმუშებისა 2010 წლის 8 აპრილს რუსთაველის 28-ში მდებარე ”როკ-კლუბში” ლიტერატურული საიტის, ლიბ.გე -ს ხელმძღვანელის, გიორგი კეკელიძის დახმარებით ჩატარდა; მეორე პრეზენტაცია და ჩვენება 21 მაისს ”ნიუ არტ კაფეში” ორბელიანის 31-ში, კაფეს მფლობელის, ხელოვნებათმცოდნე რუსუდან ოატის დახმარებითა და ხელშეწყობით გაიმართა; მესამე _ 1-ელ, 2 და 3 ივლისს, გ.ლეონიძის სახელობის სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმში, ერთობლივ არტისტულ ვორკშფში ”სიტყვები”.
ანდერგრაუნდის მულტიმედია შემოქმედებითი არტჯგუფი ”სტიგმატი” ჯგუფის ფორმით 2006 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფი ჩამოაყალიბა პოეტმა, მულტიმედია არტისტმა გიორგი ბუნდოვანმა. ამჟამად ჯგუფის ძირითად შემადგენლობაში არიან არტისტები: გიორგი ბუნდოვანი, მიხეილ გისტი, მარიკა ჟორჟოლიანი. 2006 წელს ჯგუფურ გადაღებებში მონაწილეობდნენ ასევე ყოფილი ბალერინა და ამჟამად ფოტოარტისტი ირინა ხუციშვილი, პოლიტოლოგი და ფილოსოფოსი ელიზბარ ელიზბარაშვილი, ლიტერატორი მარსიანი, პოეტი რობინზონ კახიძე და მადლენა კობახიძე.
გიორგი ბუნდოვანისა და მიხეილ გისტის, როგორც ჯგუფის ძირითადი მამოძრავებელი ძალის, არტისტების ერთობლივი ძალისხმევითა და იდეური ურთიერთთანამშრომლობით 2006 წელს შეიქმნა 22 მინი არტფილმი, რომლებიც, გიორგი ბუნდოვანის განცხადებით, “4 წლის განმავლობაში ტაროზე იდო”. ჯგუფი, ფაქტობრივად, დაიშალა ამ წლების განმავლობაში და 2010 წელს მოხდა ჯგუფის რეანიმირება გ. ბუნდოვანისა და მ. გისტის მიერ. სახელის ”სტიგმატიც” ამის შემდეგ ეწოდა.
როგორც ბუნდოვანმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ფილმების გადაღება და მონტაჟი ხდება გამიზნულად, დაბალი ტექნოლოგიით ანუ დაბალი ხარისხით და კუსტარული ტექნიკით, რაც თავისებურ ეფექტსა და ხიბლს ქმნის. ამგვარი ტექნოლოგიით გადაღებულ ფილმებს ”დაბალი რეზოლუციის ფილმებს” უწოდებენ და ამ მეთოდს მსოფლიოში მრავალი ცნობილი რეჟისორი მიმართავს (გადაღება ხდება მობილური ტელეფონით, ზოგჯერ ძველი 8-მილიმეტრიანი კინოკამერით). ბუნდოვანმა ძველი ფილმების დიდი ნაწილი გადაამუშავა, დახვეწა და უკვე რამდენიმე ახალიც გადაიღო.
“მსგავს კინომიმდინარეობაში, ყოველ შემთხვევაში საქართველოში, მგონი არავინ მუშაობს და ამითაცაა ”სტიგმატის” ფილმები ორიგინალური და საინტერესო. ამ ანდერგრაუნდის მინი არტფილმების კონცეპცია დამყარებულია არაფორმალობის მუდმივ განცდასა და ამის დემონსტრირებაზე. ფილმები იქმნება სპონტანურად, წინასწარ დაწერილი სცენარების გარეშე, გამომდინარე გადაღებების ადგილმდებარეობიდან და არტისტების შინაგანი განწყობიდან, მხოლოდ ჩვენი მოკლე არტისტული მითითებებისა და სპონტანური არტიდეების გათვალისწინებით, ასევე სხვა არტისტების იდეებისაც. ძირითადად, კრეატიულ ბაზისზე”, _ განაცხადა ბუნდოვანმა.
მისი განცხადებით, ჯგუფი ”სტიგმატი” გადაღებებში მონაწილეობისთვის იწვევს ნებისმიერ ენთუზიასტ ადამიანს და სთავაზობს შემოქმედებით თანამშრომლობას. |
|