ეკლესია წმინდა ეკატერინეს ხსენების დღეს აღნიშნავს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ეკლესია წმინდა ეკატერინეს ხსენების დღეს აღნიშნავს კულტურა, სპორტი
7-12-2012, 16:12
დღეს, 7 დეკემბერს, ეკლესია წმინდა ეკატერინეს ხსენების დღეს აღნიშნავს. საეკლესიო სწავლების მიხედვით, წმინდა ეკატერინე დაიბადა ალექსანდრიაში, სახელგანთქმულ ოჯახში, გამოირჩეოდა გონიერებით, განსწავლულობითა და სილამაზით. ეკატერინემ განდეგილი ბერი გაიცნო, რომელმაც ღვთისმშობლის ხატი გადასცა და უთხრა, ევედრე და დაგეხმარება შენი შესაფერისი საქმროს პოვნაშიო. ღამით ეკატერინემ სიზმარში უცნაური ჩვენება იხილა. ანგელოზებით გარშემორტყმულ ზეციურ დედოფალს ხელთ ყრმა ეპყრა, რომელიც მზესავით ბრწყინავდა. ყრმას პირი მიებრუნებინა ეკატერინესგან და ქალწულმა ვერ შეძლო მისი სახის დანახვა. დედა ღვთისა ევედრებოდა თავის ძეს, ესწავლებინა ეკატერინესთვის, რა უნდა მოემოქმედებინა, რომ მისი სახის ხილვის ღირსი გამხდარიყო, მან კი მიუგო: "წავიდეს განდეგილთან და შეიტყობს მისგან".

ეკატერინე მეორე დღესვე გაიქცა ბერთან, მუხლებში ჩაუვარდა და რჩევა ჰკითხა. მაშინ ბერმა უქადაგა მას ქრისტიანობა. ეკატერინემ აშკარად დაინახა ქრისტიანობის უპირატესობა წარმართობასთან შედარებით, ირწმუნა ყოვლადწმიდა სამება და მოინათლა. შინ დაბრუნებული დიდხანს ლოცულობდა უფლის წინაშე. იმ ღამით, ძილში კვლავ იხილა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყრმით ხელში. ახლა ყრმა მოწყალედ უყურებდა ქალწულს. ღვთისმშობელმა ეკატერინეს მარჯვენა ხელი აიღო, ყრმამ კი თითზე ბეჭედი შეაცვა და უთხრა: "ნუ ეძებ მიწიერ სასიძოს". ეკატერინე მიხვდა, რომ ამიერიდან იგი ქრისტეს სასძლო იყო და უდიდესი სიხარულით აღივსო. ამ დღიდან ქალწული სრულიად შეიცვალა, გახდა თავმდაბალი, თვინიერი და მოწყალე.

მალე ალექსანდრიაში იმპერატორ დიოკლეტიანეს თანამმართველი მაქსიმიანე ჩამოვიდა და შეკრიბა ხალხი, რათა წარმართული ღვთაებებისთვის თაყვანი ეცათ. წმინდა ეკატერინე უშიშრად წარდგა მეფის წინაშე, დაგმო კერპების თაყვანისცემა და მაქსიმიანეს გაქრისტიანებისკენ მოუწოდა. განრისხებულმა მაქსიმიანემ წმინდანი საპყრობილეში ჩააგდო და ქურუმები მიუჩინა, რომელთაც წმინდა ეკატერინე "გონს უნდა მოეყვანათ". მაგრამ ეკატერინეს სიბრძნის წინაშე ქურუმები უძლურნი აღმოჩნდნენ. საპყრობილეში წმინდანი მაქსიმიანეს მეუღლემ, ავგუსტამ მოინახულა, რომელსაც ეკატერინემ ქრისტიანობა უქადაგა და მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.

მაქსიმიანემ წმინდანის წამება გადაწყვიტა, მოატანინა ბორბალი, რომელსაც ალესილი დანები ჰქონდა დაკრული და ბრძანა ამ საშინელი იარაღით დაესერათ ეკატერინეს სხეული, მაგრამ დაიწყო თუ არა წამება, ბორბალი გატყდა და ეკატერინე უვნებელი დარჩა. წამებისას ეკატერინეს ავგუსტა გამოესარჩლა, რის გამოც განრისხებულმა მაქსიმიანემ სიკვდილით დასაჯა მეუღლე. მეორე დღეს მეფემ ცოლობა შესთავაზა ეკატერინეს და ყოველგვარ სიკეთეს დაჰპირდა, რაზედაც უარი მიიღო. მაშინ მაქსიმიანემ ბრძანა, წმინდანისთვის თავი მოეკვეთათ, რაც აღასრულეს კიდეც. ეს მოხდა 304 წელს. მოგვიანებით, წმინდა ეკატერინეს ნაწილები სინას მთაზე მოხვდა, სადაც დღემდეა დასვენებული მისივე სახელობის მონასტერში.
 
 

ასევე:

  • დღეს ნიკოლოზობაა
  • ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს
  • ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს
  • ეკლესია დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს
  • ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge