|
21-12-2012, 16:34
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტმა დააარსა სახელოვან ქართველ მეცნიერთა და პედაგოგთა _ იოსებ ბუაჩიძის, კალისტრატე გაბუნიას, პეტრე გამყრელიძის, ლეო დავითაშვილის, გიორგი ზარიძისა და ალექსანდრე თვალჭრელიძის _ სახელობის სტიპენდიები, რომლებიც დაენიშნება გეოლოგიური პროგრამის პერსპექტიულ ბაკალავრ სტუდენტებს. სტიპენდიანტები, კარგ სწავლასთან ერთად, უნდა ასრულებდნენ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოს და კავშირი უნდა ჰქონდეთ სტიპენდიის დამფინანსებელ ორგანიზაციასთან.
იოსებ მოსეს ძე ბუაჩიძე (დ. 1908 — გ. 2006) იყო ქართველი გეოლოგი და ჰიდროგეოლოგი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი. მუშაობდა „აჭარჰესის“ მშენებლობაზე, იყო „თბილჰიდროენერგოპროექტის“ საინჟინრო გეოლოგიური განყოფილების გამგე, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი, ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო გეოლოგიის კათედრის გამგე, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიური სექტორის დირექტორი. 1973 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში ჩამოყალიბდა ჰიდროგელოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი სექტორი, შემდეგ ინსტიტუტი, რომლის დირექტორის მოვალეობასაც იოსებ ბუაჩიძე 1990 წლამდე ასრულებდა. იოსებ ბუაჩიძის ავტორობითა და თანაავტორობით გამოიცა საინჟინრო გეოლოგიასა და ჰიდროგეოლოგიაში 7 მონოგრაფია, მათ შორის ერთი – ინგლისურ ენაზე. გამოქვეყნებული აქვს მრავალი მეცნიერული შრომა, ბევრი მათგანი — აშშ-ის, იტალიის, რუსეთის, უკრაინის, იაპონიის, ინგლისის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების პოპულარულ სამეცნიერო ჟურნალებში. ბუაჩიძეს შედგენილი აქვს 200-ზე მეტი დიდი პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური დასკვნა ქვეყნის სხვადასხვა ტიპის ნაგებობათა მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მდგრადობის უზრუნველყოფის შენარჩუნების მიზნით. შეადგინა საქართველოს ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო-გეოლოგიის რუკები და დარაიონების სქემები, გამოყო საქართველოს ტერიტორიაზე არტეზიული აუზების გავრცელების არეები.
კალისტრატე გაბუნია (დ. 1888, ამაღლება — გ. 1937, თბილისი) იყო ქართველი გეოლოგი, გამოყენებითი გეოლოგიის ფუძემდებელი, პროფესორი, საქართველოს გეოლოგიური საზოგადოების დამაარსებელი და მისი პირველი თავმჯდომარე. პალეონტოლოგ ლეონიდე გაბუნიასა და კომპოზიტორ ნოდარ გაბუნიას მამა.
პეტრე გამყრელიძე (დ. 3 მაისი/16 მაისი, 1903, სომიწო, ონის მუნიციპალიტეტი — გ. 7 ივლისი, 1979, თბილისი) იყო ქართველი ინჟინერ-გეოლოგი. საქართველოსა და კავკასიის რეგიონული გეოლოგიისა და ტექტონიკის სპეციალისტი. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი). საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. 1930 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და იქვე დაიწყო მუშაობა გამოყენებითი გეოლოგიის კათედრაზე. 1934 წლიდან იყო დოცენტი, 1937 წლიდან - კათედრის გამგე, 1948 წლიდან - გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1928 წლიდან მუშაობდა საქართველოს გეოლოგიურ აგეგმვაზე. 1933 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში მოღვაწეობდა. გამყრელიძის უმნიშვნელოვანესი შრომები ეხება საქართველოსა და ყოფილი სსრკ სამხრეთ რაიონების ალპური ზონის სტრატიგრაფიისა და ტექტონიკის ძირითად პრობლემებს. მას ეკუთვნის საქართველოს გეოტექტონიკური დარაიონების აღიარებული სქემა. 1971 წლიდან საფრანგეთის გეოლოგიური საზოგადოების წევრი.1973 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, სამი სხვა ორდენითა და მედლებით.
ლეო დავითაშვილი (06.06.1895 - 02.09.1977) იყო გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, გეოლოგი და პალეობიოლოგი - უამრავი მნიშვნელოვანი გამოკვლევისა და სახელმძღვანელოს ვტორი. პალეობიოლოგიის ინსტიტუტი საქართველოში სწორედ ლეო დავითაშვილის სახელობისაა.
გიორგი ზარიძე (დ. 1908 – გ. 2002), იყო ქართველი გეოლოგი და პეტროლოგი.1934 წელს მივლინებულ იქნა ქ. ლენინგრადში, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის პეტროგრაფიული ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1936 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, იმავე წელს დაბრუნდა თბილისში და მუშაობა დაიწყო საქართველოს გეოლოგიურ ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1938-39 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი. 1953 წელს დაინიშნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორად. 1956 წლის 9 მარტს თბილისში საბჭოთა არმიის მიერ დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტთა სისხლიც დაიღვარა, გიორგი ზარიძემ შეუძლებლად მიიჩნია დარჩენილიყო ინსტიტუტის ხელმძღვანელად და პირადი განცხადების საფუძველზე ამ თანამდებობიდან განთავისუფლდა.1992 წელს გამოჩენილ ქართველ მეცნიერებთან ერთად დააფუძნა საქართველოს საინჟინრო აკადემია, რომლის უცვლელი საპატიო პრეზიდენტი იყო გარდაცვალებამდე. 1961 წელს ქალაქ მოსკოვში გამოიცა გიორგი ზარიძის კაპიტალური მონოგრაფია “საქართველოს მაგმური და მეტამორფული ქანების პეტროგრაფია”, რომელმაც მეცნიერთა დიდი ყურადღება მიიპყრო.1972 წელს ქართულ ენაზე გამოქვეყნდა სახელმძღვანელო “მაგმური და მეტამორფული ქანების პეტროლოგია”. 1988 წელს მოსკოვში გამოქვეყნდა მისი წიგნი “პეტროგრაფია”, ხოლო თბილისში - “პეტროლოგია”. 1974 წელს ზარიძემ წაიკითხა ლექციების ციკლი ბელგრადის უნივერსიტეტის გეოლოგიურ ფაკულტეტზე, 1976 წელს - გერმანულ ენაზე ფრაიბერგის სამთო აკადემიის გეოლოგიურ ფაკულტეტზე, 1979 წელს - მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი მინერალოგიის ინსტიტუტსა და ევროპის სხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო ცენტრებში. ზარიძის დიდი მონდომების შედეგად, 1985 წლის იანვარში საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაარსდა სპექტრომეტრიისა და მინერალოგიური მასალათმცოდნეობის რესპუბლიკური ცენტრი, რამაც საქართველოში გეოლოგიისა და მისი მომიჯნავე დარგების მსოფლიო სტანდარტების დონეზე განვითარების პირობები შექმნა. მცხოვანი მეცნიერი დაბადებიდან 90-ე წლისთავზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი საბჭოს გადაწყვეტილებით, გიორგი ნიკოლაძის მედლით დაჯილდოვდა. გიორგი ზარიძე გარდაიცვალა 2002 წლის თებერვალში. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ალექსანდრე თვალჭრელიძე (დ. 19 ნოემბერი/1-ლი დეკემბერი, 1881, სტანიცა ბატალპაშინსკაია (ახლანდელი ქალაქი ჩერკესკი) — გ. 29 ივლისი, 1957, თბილისი) იყო ქართველი გეოლოგი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, გეოლოგია–მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე.1912 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის საბუნებისმეტყველო განყოფილება. 1910 წელს ზაფხულში სტაჟირებას გადიოდა გეტინგენის უნივერსიტეტში. 1912-1913 წწ. მუშაობდა პეტერბურგში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოქიმიის ლაბორატორიაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი ვლადიმერ ვერნადსკი, ხოლო შემდეგ (1919 წლამდე) დონის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1919 წლიდან თვალჭრელიძე სათავეში ჩაუდგა თსუ-ის მინერალოგია-პეტროგრაფიის კათედრას. 1928-1948 წლებში ასეთივე პროფილის კათედრის გამგეა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1929 წლიდან ხელმძღვანელობდა მინერალური ნედლეულის საკავშირო საქართველოს ფილიალს (ახლანდელი ა. თვალჭრელიძის სახ. მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი).1941 წლის თებერვალში იგი, საქართველოს სხვა მოწინავე მეცნიერებებთან ერთად, აირჩიეს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა მისმა დიდმა მასწავლებელმა აკადემიკოსმა ვლადიმერ ვერნადსკიმ: „ძვირფასო ალექსანდრე ანტონის ძევ! დიდად გამეხარდა, რომ თქვენ აგირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. მიხარია თქვენთვისაც და მიხარია პრინციპულად, რომ ქართველმა ხალხმა მიიღო სამეცნიერო მუშაობის მძლავრი ცენტრი“. თვალჭრელიძე 1941 წლიდან თავჯდომარეობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საწარმოო ძალთა შემსწავლელ საბჭოს, სადაც მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მომზადდა მრავალტომიანი მონოგრაფია საქართველოს სსრ ბუნებრივი რესურსების შესახებ. 1941-1947 წლებში ხელმძღვანელობდა მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიისა და მინერალოგიის ინსტიტუტის მინერალოგიის სექტორს. ალექსანდრე თვალჭრელიძე საქართველოში მინერალურ-პეტროგრაფიულ კვლევათა ფუძემდებელია. მისი შრომები შეეხება კრისტალოგრაფიის, მინერალოგიის, პეტროგრაფიისა და სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა გეოლოგიის საკითხებს. თვალჭრელიძის მიერ აღმოჩენილი და შესწავლილია გუმბრისა და ასკანის ბენტონიტური თიხების, მარმარილოს, ქალცედონისა და სხვ. საბადოები საქართველოში. ომის შემდგომ წლებში იგი აქტიურად აგრძელებდა მოღვაწეობას: საქართველოს ბუნებრივი რესურსების, კერძოდ ბენტონიტების შესწავლას, საქართველოს სხვადასხვა რაიონის ბუნებრივ სიმდიდრეთა კომპლექსური ათვისების პრობლემათა კვლევას; ეწეოდა პედაგოგიური მოღვაწეობაც. ამავე წლებში თვალჭრელიძე დიდ ყურადღებას უთმობდა მეცნიერების ისტორიის საკითხებს, კითხულობდა პოპულარულ ლექციებს, მუშაობდა მოგონებებზე. 1947 წელს უმაღლესი საატესტაციო კომისიამ მას დისერტაციის დაუცველად, თბილისის უნივერსიტეტის საბჭოს წარდგინებით, მიანიჭა გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. თვალჭრელიძის შრომათა დახასიათება თბილისში გამოაგზავნა ცნობილმა გეოლოგმა ალექსანდრე ფერსმანმა. დაჯილდოებულია სხვადასხვა ორდენითა და მედლით. თხზულებები - გეომეტრიული კრისტალოგრაფია, ტფ., 1920; კრისტალთა ოპტიკის შესავალი, თბ., 1957; მაგმური ქანების პეტროგრაფია, ტ. 1 - ინტრუზიული ქანები, თბ., 1950. |
|